|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

30-ე საბავშვო ბაღის ეზო მშენებლობას შეეწირა

არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორი სულხან ქობულაძე ქუთაისში 30-ე  საბავშვო ბაღის ეზოს განადგურებას აპროტესტებს.   როგორც ქობულაძემ  „ნიუპრესს“ განუცხადა,   საბავშვო ბაღის  ეზოს უნიკალური  მცენარეები არასწორად დაგეგმილი  მშენებლობის მსხვერპლი გახდა. ძველი ბაღის შენობის გვერდით ახალი,  ორსართულიანი შენობა შენდება, რომელშიც  ბავშვებისთვის ოთახები და დარბაზი განთავსდება.   

 „ვეთანხმები იმას, რომ ოთახებს გაფართოება სჭირდება და ბავშვები ცუდ პირობებში არიან, მაგრამ აირჩიეს ცუდი გზა.  ბაღს გააჩნია უნიკალური ეზო, რომელიც ნადგურდება. აქვე არის ამორტიზებული შენობა და შესაძლებელი იყო ი ტერიტორიის გამოყენება. ამით ეზო შენარჩუნდებოდა, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს და ხეების გაჩეხვა ამჯობინეს," - განაცხადა  სულხან ქობულაძემ. 

ისტორიული შენობა, რომელშიც საბავშვო ბაღი 1960 წლიდან ფუნქციონირებს, მართლაც მცირე ზომისაა იმისთვის, რომ იქ 130-მდე ბავშვმა ისწავლოს.  როგორც საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა  ინგა ჟვანიამ "ნიუპრესს" განუცხადა, ბაღს გაფართოება სჭირდება, თუმცა მათთვის ეზოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. „ვეღარ ვატევთ ბავშვებს. 23 კვადრატულ მეტრს ოთახში 40-მდე ბავშვის მოთავსება რთულია. გარდა ამისა,  მოსაწესრიგებელია საპირფარეშოები. შენობა ფუნქციონალურად შეუფერებელია ბაღისთვის, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეზო იყოს კეთილმოწყობილი“, - აღნიშნა  ინგა ჟვანიამ.

ქობულაძე მშენებლობის შეჩერებას ითხოვს, როგორც მან აღნიშნა,  საკითხით დაინტერესების თხოვნით მან უკვე მიმართა მხარის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს. 

30-ე საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნა  ქუთაისის მერიას 2016 წლის იანვარში აქვს დაგეგმილი. 

 

  

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა