|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეროვნული სამოსის დღის" შემოსაღებად ხელმოწერების შეგროვება იწყება

"ეროვნული სამოსის დღის"-  ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადების ინიციატივის მხარდასაჭერად,  ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში ერთდროულად, ხელმოწერის მასშტაბური აქციები გაიმართება.

 ეროვნული სამოსის დღის ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ სპეციალური დადგენილების მისაღებად პარლამენტში 30 000 ხელმოწერა უნდა შევიდეს. საინიციატივო ჯგუფის ცნობით, სოციალურ ქსელებში ეროვნული სამოსის დღის დაწესების შესახებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვილია, თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ონლაინ გზით საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ხელმოწერების შესაგროვებლად საყოველთაო ხელმოწერის დღე დაიგეგმა.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელების განცხადებით, ძალიან ბევრი სახელმწიფო საკუთარი კულტურისა და ისტორიის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას კოსტიუმირებული დღესასწაულებით ცდილობს.

"თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად მრავალფეროვანი და მაღალი კულტურული ღირებულების ეროვნული სამოსი არსებობს, ეროვნული სამოსის დღე საინტერესო და მიმზიდველი იქნება  - როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც“     

ღონისძიების სახელი - „ეროვნული სამოსის დღე“ - იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი არსებობს და მათაც მიეცეთ საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს. 

ინიციატივის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელმოწერების შეგროვების  ადგილებს და აქციის სხვა დეტალებს საზოგადოებას 19 თებერვალს, 12:00 საათზე "რეპორტიორის" პრესკლუბში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააცნობენ. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი