|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს ის კადრებია, რომელიც სამეგრელოში იქნა აღმოჩენილი"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  წამების  ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე  კომენტარი გააკეთა.
პრემიერის განმარტებით, ეს სწორედ ის კადრებია, რომელიც მისი შს მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი, თუმცა მას არ ჰქონდა უფლება და ვერ გაანადგურებდა ამ კადრებს, რომლებიც არის დანაშაულის შემცველი.

ღარიბაშვილის თქმით, განადგურდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ხოლო ეს მასალა, რაც გუშინ გავრცელდა, ინახება პროკურატურაში და დევს კონკრეტულ საქმეში. პრემიერმა  ასევე აღნიშნა, რომ ისინი ვინც აცხადებენ, რომ ის ამ კადრების განადგურებას ვინმეს დაჰპირდა და არ გაანადგურა, ატყუებს მოსახლეობას, რადგანაც  აღნიშნული კადრების განადგურების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

 "ეს არის ტყუილი და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. რომც გამენადგურებინა ეს კადრები, გამორიცხავთ იმის ალბათობას, რომ ამ კადრების დუბლიკატები არსებობდა?! ან გამორიცხავთ იმას, რომ ის, რაც უკვე გავანადგურეთ, იმის ასლები არ არსებობს? რა თქმა უნდა არა, იმიტომ, რომ ეს იყო მათი სისტემა და ისინი ამით ტკბებოდნენ, სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, პარლამენტის წევრები, დღეს რომ გრძელი ენები აქვთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ კადრებს უყურებდნენ და ხდებოდა ამ კადრების გარჩევა. ასეთი ავადმყოფი ხალხი იყო ქვეყნის სათავეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  გამოძიება დაადგენს, თუ როგორ მოხდა ამ კადრების გავრცელება.  "მე, როგორც ვიცი, უკრაინაში გავრცელდა ეს კადრები და მრავალი ვერსია განიხილება, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინის მოქალაქეებს და ა.შ".

პრემიერის თქმით, წამების საქმეში მონაწილე დამნაშავე პირები დაკავებული არიან. "ისინი არიან ციხეში, მისჯილი აქვთ 9 თუ 12 წელი და ა.შ.. არავინ არ არის გათავისუფლებული. ერთი იყო გაქცეული და ჩამოვიყვანეთ და თუ არ ვცდები 1-2 კიდევ იძებნება, მაგრამ ყველას მიესაჯა ის, რასაც იმსახურებდნენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა