"ეს ISO სერთიფიკატი გადავამრავლოთ და დავკიდოთ ყველა ქუთაისურ ოჯახში"
ქუთაისის თვითმმართველობის მიერ ISO სერტიფიკატის მიღების ფაქტს "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გია თევდორაძის განცხადებით, თვითმმართველობაში ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებს არაადეკვატურად აფასებენ.
"შეიძლება გაიცეს ISO სერთიფიკატი, მაგრამ ძალიან მიკვირს აღტკინებული და მაჟორული განწყობა ქუთაისის თვითმმართველობის, ამიტომ მე ვაძლევ მათ ასეთ რჩევას, (ამ ბოლო დროს უფასოდ ვაძლევ ხოლმე მათ რეკომენდაციებს,) ეს ISO სერთიფიკატი გადავამრავლოთ და ყველა ქუთაისურ ოჯახში დავკიდოთ თითო ეგზემპლიარი და მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს შეაწუხებთ უიმედობა, უპურობა, უფუნქციობა, უგზოობა, გახედავენ სერთიფიკატს და დაკმაყოფილდებიან", -განაცხადა თევდორაძემ.
მისი თქმით, სიმპტომატურია, რომ ამ სერტიფიკატის გადაცემა დაემთხვა იმ დღეს, როდესაც საქალაქო სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებული ბაღის გამგე სამსახურში აღადგინა. თევდორაძის თქმით, ანალოგიური განაჩენი დადგება დანარჩენი გამგეების მიმართ.
იგივეს აცხადებს ნომერ პირველ საბავშვო ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძე. “დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ მიიღო ნანა კაკურიას გამამართლებელი განაჩენი. მერიის ააიპის ბრძანება გაბათილდება. იგივე შედეგს ველოდებით ჩვენც, რადგანაც ჩვენს მიმართ იგივე სქემით არის დაწერილი ბრძნება,"-აღნიშნა ხონელიძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ერთდღიანი გაფიცვის გამო 4 ბაღის გამგე სამსახურიდან გაათავისუფლა, სამმა მათგანმა სასამართლოს მიმართა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





13:50
21:51
11:02
16:29
















