|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა, ეს რეალობაა"

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.

ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური უწყების facebook- ის გვერდზე ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება“,  - განაცხადა წულუკიანმა. 

მისი განმარტებით, ეს არის ამოსავალი წერტილი უვიზო მიმოსვლის: „ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის, ჩასვლის და ჩამოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“, − აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღეს 2 წელი გავიდა. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს, კერძოდ, 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა