"ევროპის საბჭოს როლი ქართული დემოკრატიის განვითარებაში ფასდაუდებელია"
ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე იმყოფება.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას შეეხო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული 20 წლის განმავლობაში, ევროპის საბჭოს როლი ქართული დემოკრატიის განვითარებაში ფასდაუდებელია.
„ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც ასრულებს ევროპის საბჭო და საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, გასული 20 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა.
„განვლილი 20 წლის განმავლობაში, საქართველომ მოახდინა ჭეშმარიტად ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს რეფორმები არის ინსტიტუტების, ქართველი ექსპერტების და ევროპის საბჭოს კონტრიბუციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასამბლეა მზადაა, გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, როგორც შიდა რეფორმების მიმართულებით, ისევე, როგორც უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ კონტექსტში, ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მუშაობას, რათა მოვძებნოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტების მოგვარებისა და ხალხთაშორის კონტაქტის გზები“,- განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















