|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფორმების შეძენა ააიპის კეთილი ნებაა და არა ვალდებულება" - ქუთაისის მერიის სპორტული ააიპი

მოძველებული სპორტული ფორმების შესახებ საუბრობენ ქუთაისის სპორტული ააიპის გუნდების წევრების მშობლები. 

"ბოლოს ფორმა წინა მერის, შოთა მურღულიას დროს მისცეს ჩვენს შვილებს. მოგეხსენებათ, 13-14 წლის ასაკში ბიჭები რა სწრაფად იზრდებიან და 2 წლის წინანდელ ფორმებში უხერხულად გამოიყურებიან,  - აცხადებს ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, რომლის შვილი ქალაქის მერიის სპორტული ააიპის ფეხბურთის გუნდში ირიცხება. 

"ამ საკითხზე ერთხელ პირადად მივმართე  მერიის სპორტული ააიპის ხელმძღვანელს კობა ფხაკაძეს გასულ გაზაფხულზე, ჩემპიონატის დაწყებამდე. მითხრა, ახალი დირექტორი დაინიშნება, მოგვმართავს წერილობით საჭიროებების შესახებ, ტენდერს გამოვაცხადებთ და აუცილებლად შევიძენთო. ახლა რადგანაც ფიზიკურად არ შემიძლია მისვლა და ამ ამბის მოკითხვა ასე მივმართავ - თუ არ შეგიძლიათ თქვენს დაქვემდებარებაში არსებული სპორტული სკოლების შენახვა, სხვა ალტერნატიული გზები გამონახეთ. სხვა თუ არაფერი, ეს ბავშვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს სტუმრობენ და ქუთაისის სახელით თამაშობენ ფეხბურთს. სხვათა შორის, ჯერ არცერთი თამაში არ წაუგიათ", - წერს ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში.

ქუთაისის მერიის სპორტულ ააიპში აცხადებენ, რომ მათ ვალდებულებაში მოსწავლეებისათვის ფორმების შეძენა არ შედის.

"ფორმების შეძენა   ააიპის კეთილი ნებაა და არა  ვალდებულება.  (ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში ოლიმპიური და არაოლიმპიური 42 სპორტის სახეობაა, სადაც 4000-ზე მეტი მოსწავლეა, ყველა სპორტის სახეობა უფასოა. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება უზრუნველყოფს სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და რეგიონალური ტურნირების დაფინანსებას, სპორტსმენთა წვრთნისა და სოციალური პირობების ( კვება, სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, სამედიცინო კონტროლის) შექმნას, საჭირო ინვენტარის შეძენას, სპორტული დარბაზების კეთილმოწყობას. შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ შევუძინოთ სპორტსმენებს (ქალაქის ნაკრებებს) სპორტული ეკიპირება, რაც ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების კეთილი ნებაა"-განაცხადეს ქუთაისის მერიის სპორტულ ააიპში.

"ნიუპრესი" ქუთაისის ააიპის ფეხბურთის გუნდის მწვრთნელს დაუკავშირდა. მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ააიპის განცხადება, რომ ფორმების შეძენა ააიპის მოვალეობა არ არის.  "მართვე 2003"-ის  მწვრთნელი ავთანდილ რევიშვილის თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და გუნდი ახალი ფორმებს და სპორტულ ინვენტარს მიიღებს.

"არა, როგორ გეკადრებათ, პირიქით, ააიპის მოვალეობაა, ვისაუბრეთ ჩვენ და მალე გადმოგვცემენ ფორმებს... 15 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ყოველთვის ააიპი არიგებს ფორმებს.  ეს ფორმები 2015 წელა გადმოგვეცა, მაგრამ ვუფრთხილდებით და ვინარჩუნებთ, 18 ფორმა გვაქვს ლურჯი ფერის, ბავშვებს სახლში არ ვატან, რომ არ დაიკარგოს, ან დაზიანდეს. ახლა ტენდერია გამოცხადებული და ახალ ფორმებს და სხვა სპორტულ ინვენტარს მივიღებთ", -განუცხადა "ნიუპრესს" ავთანდილ რევიშვილმა. 

ქუთაისის მერიის სპორტულ ააიპში ადასტურებენ ტენდერის გამოცხადების ფაქტს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ტენდერი გამოცხადებულია არა სპორტული ფორმების, არამედ ინვენტარის შეძენის მიზნით. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა