ფოტოკონკურსს "ილო", შესაძლოა, სახელწოდება შეეცვალოს
ფოტოკონკურსი" ილო 2015" გადაიდო. ამის მიზეზი, როგორც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, თამთა თურმანიძემ განაცხადა, კონკურსის ფორმატის შეცვლაა: "ფოტოკონკურსი გადაიდო, თუმცა აუცილებლად ჩატარდება, სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში. გვინდა კონკურსი საერთაშორისო გახდეს, რისთვისაც შესაბამისი პროცედურებია გასავლელი. შეიძლება შეიცვალოს კონკურსის სახელწოდებაც", - განაცხადა თამთა თურმანიძემ.
მისივე თქმით, კონკურსისთვის რამდენიმე განაცხადი ფოტოკონკურსში მონაწილეებს შევსებული ჰქონდათ, მაგრამ ყველანაირი პროცედურა შეჩერდება, ვინც ნამუშევრები გადააგზავნა, უკან დაუბრუნდებათ და კონკურსის ხელახალი გამოცხადების შემდეგ განაცხადებს თავიდან შეავსებენ.
ფოტოკონკურსი "ილო" ქუთაისში 2007 წლიდან ტარდება და შემოდგომაზე მისი გამართვა ტრადიციად იქცა. კონკურსი ქუთაისელი ფოტოგრაფის, ქალაქის კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს. მასწავლებელთა სახლის პირველ სართულზე განთავსებული მისი ფოტოატელიე ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების მემატიანე იყო. მოგვიანებით ამ ადგილზე მისი ბიუსტი დაიდგა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















