ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია - სალომე ზურაბიშვილი ნინო დათაშვილზე
ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ, ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილებას.
„ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ. ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია: ნინო დათაშვილი, აქტივისტი, მასწავლებელი და მარტოხელა დედა, 20 ივნისს დააკავეს. დღეს „სასამართლომ“ მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ბრძანა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებისა და პროევროპული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების უმწვავესი შეფასებები მოყვა.
ავტორი: