|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრის პოსტზე გივი მიქანაძე დაინიშნა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე ბრიფინგზე წარადგინა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კობახიძის თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე, გივი მიქანაძე არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე.

მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დიდ ბრიტანეთში „ესექსის“ უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება, ასევე, ფართო პოლიტიკური გამოცდილება, ასევე, უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ფართო გამოცდილება. ის იყო წლების განმავლობაში შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო ლექტორი და პედაგოგი სხვადასხვა უნივერსიტეტში წლების განმავლობაში. ასევე, არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, მას ამ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კობახიძემ.

გივი მიქანაძის თქმით, მისთვის პასუხისმგებლობა და პატივია სარგებლობდეს მაღალი ნდობით და ხელძღვანელობდეს სამინისტროს, რომელიც თითოეულ „ჩვენგანთან და მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული“.

მისი თქმით, „მაქსიმალური მზაობა აქვს, რომ ნდობა, რომელიც მასთან მიმართებაში პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოახმაროს“.

„21-ე საუკუნეში განვითარება განათლების და მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის, როგორც მინისტრის რანგში. ის მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში იქნება. იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით უმაღლესი რანგით იყოს აღნიშნული. მაქსიმალური მზაობა მაქვს, რომ ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება თავად წულაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წულაძე მანამდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა