|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართვას

ქვეყანაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის ფონზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ავრცელებს. სამინისტრო სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით მოუწოდებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს:

გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;

სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას;

სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება, გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ  სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი  დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სკოლას ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

ამასთან, სკოლებს მოუწოდებენ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში, რაც რისკებს შეამცირებს.

20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-ს. კონტროლი 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი