|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზრდილი ბიუჯეტის უცვლელი პრიორიტეტები

ქუთაისს 2016 წელს უპრეცედენტოდ დიდ ბიუჯეტი ექნება. არსებობის ისტორიაში პირველად მთავარმა ფინანსურმ დოკუმენტმა 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. მერიის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით  მოიწონა და დაამტკიცა. თუმცა ბიუჯეტმა დამკიცებამდე ვრცელი გზა განვლო და  წინა და უკან სიარულში  დაახლოებით სამი მილიონით გაიზარდა. ქალაქის მერი ირწმუნება, რომ ეს რიცხვი  საბოლოო არაა და ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება.

ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტზე ზრუნვა მერიამ წლის ბოლომდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. შეიმუშავა პროექტი, გამოყო პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ ეს არის მოსახლეობის პრობლემებზე გათვლილი და ხალხის ბიუჯეტი.

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს მერიამ შემუშავებული ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, თუმცა რამდენიმე დღეში უკან გამოითხოვა, რასაც საკრებულოს დეპუტატთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

დეპუტატების შენიშვნებს არ დაეთანხმა ქალაქის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, ბიუჯეტი საკრებულოდან უკან გამოთხოვის პრეცედენტი შარშანაც მოხდა და ის კანონდარღვევა არ ყოფილა.

გაზრდილი ბიუჯეტი 18 დეკემბერს  საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინა. ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს თავად ქალაქის მერმა გააცნო,  რასაც წინ „ნაციონალი“ დეპუატების პროტესტი უძღოდა. მათ სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ მაშინ როდესაც საკრებულოს დეპუტატი კახა დვალიშვილი დაცვის პოლიციის შეურაცხყოფის გამო პასუხს არ აგებს, როდესაც მოქალაქის ცემაში ბრალდებული საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე პოსტზე რჩებიან, ამ დროს კი დეპუტატის პიჯაკის დახევის მოტივით სამი ახალგაზრდა ციხეში ზის, მათ არ აქვთ მორალური უფლება დაესწრონ საკრებულოს სხდომას.

„ნაციონალების“ ამ განმარტების მიღმა სულ სხვა მიზეზი ამოიკითხეს საკრებულოს დეპუტატებმა. მათი განცხადებით, მათ, უბრალოდ, ბიუჯეტის მისამართით შენიშვნა არ ჰქონდათ და ამიტომ დატოვეს სხდომა. ამ მოსაზრებას დაეყრდნო ქალაქის მერიც და აღნიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი იმდენად კარგად შესრულებული იყო, რომ შენიშვნები “ნაციონალებმაც“  ვერ მოიფიქრეს.

„დეპუტატებს ირჩევენ მოქალაქეები და მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. თუმცა ჩვენი ოპონენტები  თავიანთ პასუხისმგებლობას გაექცნენ.  მათ არც სხდომებში მიიღეს მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვისას და არც ბიუჯეტის დამტკიცების დროს გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. შეიძლება ვთქვათ, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტი არ შეესაბამება სიმართლეს და ეს იმიტომ მოხდა, რომ  2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტთან დაკავშირებით,  შენიშვნები „ნაციონალებსაც“ არ ჰქონდათ, ამიტომ დატოვეს სხდომა“,–აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ქალაქის მერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს ქუთაისს გაზრდილი ბიუჯეტი აქვს, რომელიც ყველა სფეროზე გადანაწილდა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობაში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია, გამოთავისუფლებული თანხა კი ქალაქისათვის აუცილებელ პროგრამებზე გადანაწილდება. რაც შეეხება ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ის კვლავ უცვლელია, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო, ქალაქის განვითარების გეგმა, სპორტი და კულტურა.

ხალხის ბიუჯეტი მერიამ ხალხის პრობლემებს მოარგო და ბევრი სოციალური პროგრამა დააფინანსა, რასაც ისევ ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ იმერეთის ორგანიზაციიების ხელმძვანელებმა აღნიშნეს, რომ მერია გაჭირვებული ხალხისთვის მატერიალური დახმარების მიცემას კი არა ბიზნესის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს.

სოციალური პროგრამების გაზრდა სახარბიელო, რომ არაა ადასტურებს ქალაქის მერიც, თუმცა არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო შესაძლებლობად, სწორედ სოციალური სფეროს დაფინანსების გაზრდა მიაჩნია.

„წელს ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით გაიზარდა. ეს მოხდა, როგორც შემოსულობების და პრივატიზაციის ხარჯზე.  ბიუჯეტი 7 ძირითად პრიორიტეტზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური... ჩვენს გვესმის, რა მდგომარეობაა ქალაქში და ქვეყანში, ამიტომ მეტი თანხის მოზიდვა სოციალურ პაკეტებზე შევეცადეთ. არ არის კარგი, მოსახლეობას  მატერიალური დახმარება რომ სჭირდება, მაგრამ ეს რეალობაა, ამიტომ ვცდილობთ მათ საარსებო მინიმუმი მივცეთ. ზოგადად, ბიუჯეტი ქალაქის და საზოგადოების მოთხოვნებზე არის გათვლილი და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხალხის ბიუჯეტი“,–განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტმა 50 597 500 ლარი შეადგინა, რომელიც წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გადმორიცხული თანხებით რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

  ასეა თუ ისე ქუთაისის ხელისუფლებას წინ დიდი გამოწვევა აქვს 2016 წლის სახით. როგორ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას და შესრუდება თუ არა ბიუჯეტი წარმატებით, ეს უკვე 2016 წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა