ქუთაისის საკალათბურთო გუნდის შედეგები და გაზრდილი ხელფასები უკმაყოფილების მიზეზი გახდა
ქუთაისის საკალათბურთო გუნდის "ქუთაისი 2010" ხელმძღვანელობას ოფიციალური ფანკლუბის წევრები უპირისპირდებიან და მათ საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. ფანკლუბის წევრების განცხადებით, მრავალთვიანი დუმილი დაარღვიეს და ღიად დაიწყეს პრობლემებზე საუბარი.
"მრავალთვიანი დუმილის შემდეგ, გვაქვს კითხვა, რატომ მივიდა ქუთაისელი გულშემატკივარი იქამდე, რომ თამაშებზე სიარულის ხალისი დაკარგა? მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები, ვინც ქუთაისის საკალათბურთო ცხოვრებას უდგანან სათავეში, ამ საქმეს სიყვარულის გარეშე ეკიდებიან. მათი მთავარი საზრუნავი კი სარგებლის მიღებაა, არანაირი სამომავლო ხედვები, არანაირი სიახლეები. თქვენ წინაშეა ადამიანთა ერთობლიობა, ვინც მოახერხა და კალათბურთი ნაგავსაყრელზე მიაგდო. გასული ფინალები, ალბათ, ის გარდამტეხი მომენტი იყო, როცა გულდაწყვეტილი ხალხი უკეთესის მოლოდინით ხელმოცარული დაბრუნდა სახლში და დღესაც სახლებში რჩება.
დადგა დრო, რომ ხალხის სათქმელი ვთქვათ. ქუთაისში კალათბურთი კვდება. კვდება სუპერლიგის გუნდი, კვდება ასაკობრივ ჩემპიონატებში, კვდება უბნებში, ქუჩებში, პარკებში. ქალაქი ვეღარ ცხოვრობს იმით, რის გარეშე ცხოვრებაც ადრე წარმოუდგენელი იყო"-აცხადებენ ფანკლუბის წევრები.
ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ მუმლაძე ფინანსურ მხარეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად წაგებული თამაშებისა და წარუმატებლობისა, გუნდის მწვრთნელს კოტე ტუღუშს ხელფასი 800 ლარით გაეზარდა, მის ასისტენტს კი გაუორმაგდა.
"მთავარი მწვრთნელის ანაზღაურება 9307,5 ლარია, მისი ასისტენტების კახაბერ დარახველიძის კი 2550. საინტერესო ისაა, რომ შარშანდელი წაგების შემდეგ ორივე მწვრთნელს ხელფასი მომატებული აქვს. ამ კოლოსალურ თანხებს იმ ყველაფრის ფონზე გადავაწყდით, როდესაც მატჩებს იმაზე 10-ჯერ ნაკლები ადამიანი ესწრება, ვიდრე შარშან ესწრებოდა. მთავარი მწვრთნელის ხელფასი წარუმატებელი სეზონის შემდეგ 1 წელში 800 ლარით გაიზარდა. ამის ფონზე კი სპორტულ სკოლაში, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ ინფრასტრუქტურა მოშლილია, გათბობა არაა და ეს ბავშვები არიან, საიდანაც გუნდმა შევსება უნდა მიიღოს, მაგრამ ამ დამოკიდებულების გამო, არცერთი ქუთაისელი ქუთაისის გუნდში არ თამაშობს.
გუნდის, ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის მუშაობა ერთი პარამეტრით ფასდება და ეს ის შედეგებია, რომელიც ქუთაისის გუნდს არ აქვს. 2 წაგებული ფინალი მწარედ ახსოვს ქუთაისს, წავაგეთ წელსაც, ქუთაისის გუნდი, რომელსაც ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, უშანსოდ აგებს დუდუ დადიანის მემორიალს და ქორქია-საკანდელიძის მემორიალს, რომელიც ქუთაისში ტარდებოდა, გუნდი თავისსავე მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თმობს. ჩვენ არ ვუკარგავთ კოტე ტუღუშს, იმას, რომ წინა წლებში გუნდი ჩემპიონი გახდა, მაგრამ მას შემდეგ უკან მივდივართ და ყველაფერს აქვს დასასრული, მან ამ გუნდში თავისი თავი ამოწურა. ადამიანს, რომელსაც წლის განმავლობაში თითქმის 100 000 ლარს ვუხდით, შედეგებს ვერ დებს და ვაგებთ"-განაცხადა მიხეილ მუმლაძემ. მისი თქმით, პრობლემებზე არაერთხელ ისაუბრეს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ შედეგი არაა.
ფანკლუბის შენიშვნების ნაწილი მიუღებელია კლუბის მწვრთნელისთვის. კოტე ტუღუშის განცხადებით, მისი ძალისხმევით გუნდმა არაერთი წარმატება მოიპოვა და მიუღებელია, როდესაც საუბარი საკალათბურთო თემებს ცილდება.
"ჩემი მუშაობის შედეგია ის, რომ გუნდმა არაერთი წარმატება მოიპოვა. ჩემი მწვრთნელობის დროს საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ქორქია-საკანდელიძის თასი ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ და მართალია, წელს წავაგეთ, მაგრამ ეს თასი სამუდამოდ ქუთაისში დარჩება. მე არ შევდივარ პოლემიკაში, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. მე მოვისმინე შენიშვნები ხელმძღვანელობიდან წაგებული თამაშების გამო და ეს შენიშვნები მისაღებია. მესმის ფანკლუბის და ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ, მაგრამ ბოლო დროს პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. მესმის მათიც, წაგებული მატჩების გამო და სირთულეებს არ გავრბივარ, მაგრამ გაუგებარია, როდესაც საუბარი საკალათბურთო საქმიანობას ცილდება, ხელფასებზე, ხელმძღვანელობასა და მერიაზე საუბრობენ. ეს საქმეები ასე არ წყდება. ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მე მათ ვთხოვდი დიალოგს, მაგრამ დიალოგის ნაცვლად ასეთი დამოკიდებულება მივიღე. ეს ხელფასი არავის საჩუქარია არა, ეს არის ჩემი შრომით გამომუშავებული. ნახონ რამდენი იყო ჩემი ხელფასი ქუთაისში ჩამოსვლის დროს და რამდენი იყო ქუთაისში ჩამოსვლამდე, გაცილებით დიდი ანაზღაურება იყო"-განაცხადა კოტე ტუღუშმა.
გუნდის ხელმძღვანელი ტრისტან ჭაბუკიანი ადასტურებს, რომ გუნდში გარკვეული ჩავარდნა და შეცდომები იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის.
"ყველაფერი არის კარგად. მართალია, ჩავარდნა იყო, მაგრამ ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს. სუპერლიგის თამაშები იწყება და ჩვენ გაასმაგებულად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ის შეცდომები, რაც იყო, გამოსწორდეს. ყველაფერი კარგად იქნება, წელს ერთი სუპერთასი მოვიგეთ და შედეგი ნამდვილად არის. რაც შეეხება მწვრთნელს, არ შეიცვლება, შუა სეზონია და ახლა კონტრაქტი არ შეწყდება, ან რატომ უნდა შეწყდეს?"-განაცხადა ტრისტან ჭაბუკიანმა.
ქუთაისის საკალათბურთო გუნდი ქალაქის სახელმწიფო დაფინანსებაზეა. გუნდი ბიუჯეტიდან მილიონი ლარით ფინანსდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















