გელათის მონასტრიდან 24,4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გაიხსნა
გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული ბილიკის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი და ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძეს დაესწრნენ.
ტურისტული ბილიკი გრიგოლ დალაქიშვილმა მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარა და მათთან ერთად დაათვალიერა 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნები.
მოხალისეებმა ფეხით 13 კილომეტრი გაიარეს და ცუცხვათში კარვებში დაბინავდნენ.
საფეხმავლო ტურისტული ბილიკის ფარგლებში დილით ისინი ლაშქრობას გააგრძელებენ და ახალსოფლის წყალსაცავთან დაასრულებენ ტურისტულ მარშუტს.
,,იმერეთის რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება დღევანდელ საფეხმავლო ბილიკს უნდა ავღნიშნო, რომ ამ მარშუტით ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს გზა ახალგაზრდება გაიარეს და მოისმინეს თითოეული ძეგლის ისტორია“–აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.
პროექტის ფარგლებში ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუქა.
პროექტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერით, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა, „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა" იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ადმინისტრირებით განახორციელა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















