გია თევდორაძე მის მიმართ არსებული ბრალდებების გამოძიებას პროკურატურას თხოვს
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ პროკურატურას განცხადებით მიმართა. მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები მისი რეპუტაციის დისკრედიტაციას ეწევიან, რაშიც ბრალს "ქართული ოცნების" დეპუტატს ეკა ბესელიასა და ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელ" წევრს ნატო ქათამაძეს სდებს. უმცირესობის დეპუტატი პროკურატურისაგან მის მიმართ გაჟღებული ბრალდებების გამოძიებას თხოვს.
"რამდენიმე თვის წინ ეკა ბესელიამ, ახლა კი ნატო ქათამაძემ დამადანაშაულა, თითქოს ჩემს სახელს უკავშირდება ქუთაისში მდებარე ორ სკვერში ბინის მშენებლობა. მე არ დავიწყებ თავის მართლებას, არც სასამართლოს მივმართავ, რადგან თმენის ვალდებულება გამაჩნია. მოვიტანე განცხადება პროკურატურაში, რომ დაიწყოს გამოძიება იმ ბრალდებებზე, რომელიც მე წამომიყენეს, თითქოსდა ილია ჭავჭავაძის სკვერში მდებარე და ნინოშვილის სკვერში მდებარე მშენებლობები მე მეკუთვნის. გამოძიება დადგენს ჭეშმარიტებას და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია ჩემი, ან ჩემი ნათესავების სახელზეა, უსასყიდლოდ გადავცემ სახელმწიფოს, თუ არა ნატო ქათამაძემ და ეკა ბესელიამ ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე, რადგან ადამიანები სიცრუეში შეიყვანეს",- განაცხადა თევდორაძემ.
"ნიუპრესი" აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს დაუკავშირდა. ნატო ქათამაძის განცხადებით, საკითხზე კომენტარს მხოლოდ მისი შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















