|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარია: "ვრჩებით იმ ხალხთან, ვინც წინა მერის "ნათესავები და ახლობლები" არიან"

 "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იმერეთის ყოფილი ვიცე - გუბერნატორია. ის ამავე დროს "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია.  მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა  გიორგი ჭიღვარიამ  საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები "ნიუპრესს" გააცნო.

-რას მიიჩნევთ ქალაქის გამოწვევად, მთავარ პრობლემად, რომლის გადაჭრასაც შეეცდებით თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში?

-ქალაქში მრავალი პრობლემა გვაქვს, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ტრანსპორტის კუთხით, სოციალური საცხოვრისის უკმარისობაა,  ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ, რომ მომდევნო 4 წელს მოგვარებული იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მომავალი წლიდან 24- საათიანი წყალმომარაგების სისტემაზე გადავალთ, მას თან ერთვის დიდი პროექტი წყალარინების სისტემის, სრულიად შეიცვლება და რეაბილიტირება მოხდება კანალიზაციის. ასევე, ვფიქრობთ ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ახალგაზრდებისათვის მეტად საინტერესო  რომ  გახდეს ქალაქი,  ვფიქრობთ ამ კუთხით ფესტივალების ჩატარებას, სკვერების, სტადიონების, სკეიტპარკის მოწყობას.

-თქვენ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ტრანსპორტი დაასახელეთ, თქვენი საარჩევნო კამპანია სწორედ ტრანსპორტის სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრით დაიწყეთ. ფიქრობთ, რომ ქალაქის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემის გადაჭრა?

-ქალაქის ხელისუფლებას რაც შეეძლო,  გააკეთა, ახლა ახალი გამოწვევებია და მას უნდა ვუპასუხოთ.

-რა კრიტერიუმებით მოხდა ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა, მათ უმეტესობას საზოგადოება აქამდე არ იცნობდა?

-კანდიდატები გუნდურად შევარჩიეთ, თავისი პროფესიონალიზმით და ქალაქისადმი სიყვარულის ნიშნით. ისინი თავიანთ სფეროში არიან პროფესიონალები, არიან ერთგული ადამიანები. ამ პრინციპით შევარჩიეთ, რომ შემდგომი საკრებულო იყოს ქმედუნარიანი, ხალხთან დაახლოებული, რომ მაჟორიტარებმა ხალხის ყველა პრობლემა დროულად მოიტანონ თვითმმართველობაში.

-მათ საზოგადოებრივი საქმიანობის გამოცდილება რამდენად აქვთ, რომ შეძლონ ხალხის ხმის მოტანა საკრებულოში?

-თავისი საქმის პროფესიონალი როცაა ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ნიჭი და შესააძლებლობები, რომ საქმეს კარგად გაართვას თავი.

-უკვე საუბრობენ მერიაში მოსალოდნენ საკადრო ცვლილებებზე, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება თუ არა ასეთი ცვლილებები?

-ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ამიტომ მასშტაბურ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუმცა ვინც ვერ აყვება ჩვენი მუშაობის ტემპს, მათთან ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში.

-ხშირად საუბრობდნენ, რომ იყო ფარული დაპირისპირება მერიასა და გუბერნიას შორის. აღნიშნავდენ, რომ ტრანსპორტის თემასთან დაკავშირებული აქციები გუბერნიიდან იმართება.  თქვენც თქვენი საარჩევნო კამპანია სწორედ ტრანსპორტზე საუბრით დაიწყეთ...

-დაპირისპირება ტყუილია, რაც შეეხება პრობლემას, ტრანსპორტის პრობლემა არსებობს და ჩვენც იმიტომ მოვდივართ ხელისუფლებაში, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ, რომ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი ოჯახებისათვის უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი ქალაქი. 

- რა ცვლილებებს გეგმავთ ამ სფეროში, მოხდება თუ არა ტრანსპორტის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადასვლა? 

 -ხელშეკრულებები სატრანსპორტო კომპანიებთან 2019 წლამდე დადებულია. ქუთაისში ტრანსპორტი ნაწილობრივ განახლებულია, ამ წლებში რაც გაკეთდა, ტრანსპორტის საშუალო ასაკი 5 წლით შემცირდა. ჩვენ პრობლემად გვრჩება 21 საათის შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში. პირველ რიგში, ეს უნდა მოვაგვაროთ. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ეს გეგმა, თუმცა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

 -რას იტყვით, საჭიროა თუ არა ქუთაისის როგორც თვითმმართველი ქალაქის გაძლიერება, თუ საკმარისია ის  ფუნქციები, რაც ქალაქს აქვს?

-ჩვენი თვითმმართველობის ისტორიიდან გამომდინარე, კარგი თვითმმართველობა გვაქვს, მაგრამ ხვალ და ზეგ კიდევ უნდა გაძლიერდეს. მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, რომ თვითმმართველობა უფრო ძლიერი გახდეს. თანამონაწილეობაა მთავარი, ამას უნდა მივაღწიოთ, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული ქალაქის თვითმართველობაში. 

-საუბარია იმაზე, რომ გარკვეული საკითხები ცენტრალიზებულად წყდება, თუმცა პასუხს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვს, თუნდაც წყალმომარაგების საკითხი, ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გაიზარდოს ამ მხრივ თვითმმართველობის ფუნქციები?

-ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ მაგ საკითხზეც, თუნდაც, სოციალური საკითხები, თვითმმართველობამ უკეთ იცის, მის მოქალაქეებს ვის რა უჭირს.

-ოპონენტეტი "ქართულ ოცნებას" მთავარ ბრალდებად კლანურ მმართველობას და ნეპოტიზმს უყენებენ, რას ფიქრობთ ამაზე და თქვენ რას გააკეთებთ,  თუნდაც კადრების შერჩევისას, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, რომ მსგავსი ბრალდებები თქვენს მიმართ არ იყოს?

-თქვენ მკითხეთ, საჯარო მოხელეების მასიურ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ დღევანდელ ხელისუფლებაში ნეპოტიზმია და იქ სანათესაო ყავს დასაქმებული,  ჩვენ ვრჩებით იმ ხალხთან,  ვინც წინა მერის "ნათესავები და ახლობლები" არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნეპოტიზმისაგან თავისუფლები ვიქნებით.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა