"გირჩი" არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერებს აგროვებს
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" არჩევნებში დამოუკიდებლად ჩართვისთვის ემზადება. ვინაიდან, საპარლამენტო არჩევნებში "გირჩი" კოალიციიდან გავიდა და პროცესებს გამოეთიშა, ამჟამად არჩევნებში ჩასართავად ხელმოწერების შეგროვება გახდა საჭირო.
ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, როდესაც მხარდამჭერთა რაოდენობა გაირკვევა, ამის შემდეგ იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვებიან არჩევნებში.
"ჩვენ გასულ წელს არჩევნებს გამოვეთიშეთ და ახლა გვჭირდება დარეგისტრირება ცესკოში. ზოგადად, ჩვენი რეიტინგი მზარდია, მაგრამ 25 000 ხელმოწერა გვჭირდება. დავაკვირდებით, თუ მოგროვდა ხელმოწერები და გამოიკვეთა, რომ, როგორც პარტიას პულსი გვესინჯება, შემდგომ ვიფიქრებთ, რა ფორმით ჩავერთვებით არჩევნებში. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა, რომელსაც რაღაც პროცესების გავლა სჭირდება. ამ პროგრამით ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკით, შეუძლია ჩვენი კანდიდატი გახდეს", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა. მისი თქმით, ჯერ არ იცის, ვინ იქნება ქუთაისის მერობის კანდიდატი და იქნება თუ არა თვითონ საარჩევნო სიაში.
"გირჩის" თვითმმართველობის არჩევნებში ჩასართავად ხელმოწერები ონლაინ რეჟიმში გროვდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















