„გვპირდებიან, რომ საღამოს შევძლებთ წყლის მიწოდებას“
ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი კომპანია - SMK აწარმოებს. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე შეიცვალა წყლის სისტემა. მიმდინარეობს ძველი ქსელის გაუქმება და ახალ ქსელზე გადასვლა, რამაც აუცილებელი გახადა მთავარი მაგისტრალის გათიშვა, რადგან ძველი, ამორტიზებული მილებიდან წყალქცევა ასფალტის საფარის დაგებას შეუშლის ხელს.
ასათიანის ქუჩაზე მთავარი მაგისტრალის გათიშვამ რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, წყლის მიწოდება აღდგენა ხვალ, დღის მეორე ნახევარში მოხდება.
ამასთან ერთად ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე ქარის დაზიანების მიერ გამოწვეული შეფერხებები გრძელდება. მოსახლეობა „გაერთიანებულ წყალმომარაგებას“ უყურადღებობაში ადანაშაულებს. მოსახლოების თქმით, რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდებათ.
პრობლემის შესახებს საუბრობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორი ირაკლი ტურძელაძე. მის განცხადებით, ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო კონტრაქტორმა კომპანიამ ითხოვა წყლის გადაკეტვა, რათა მოხდეს ასფალტის საფარის დაგება.
„დამერწმუნეთ, ჩემზე მეტად არავის უნდა წყლის გაშვება, რადგან მესმის მოსახლეობის, თუმცა ჩემზე არაა დამოკიდებული. სამუშაოების გამო კონტრაქტორმა კომპანიამ გვთხოვა გადაგვეკეტა. გვპირდებიან, რომ დღის ბოლოსთვის დასრულდება სამუშაოები. იმდენად რთული სისტემაა ქუთაისში, რომ მხოლოდ ერთი ქუჩის გადაკეტვა არ იყო საკმარისი, ამიტომ მოხდა რამდენიმე ქუჩაზე წყლის შეწყვეტა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯერჯერობით იგივე გრაფიკი შენარჩუნდება, თუმცა ქსელის დატვირთვასთან ერთად წყლის მიწოდების გრაფიკიც გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი ტურძელაძემ.
მისივე თქმით, თურქული კომპანია შეფერხებით მუშაობს, მაგრამ ქართული მხარე ცდილობს არ მოხდეს ხელშეკრულების შეწყვეტა, რადგან ეს ახალ ტენდერს და სამუშაოების 6 თვით გაჭიანურებას გამოიწვევს.
ქალაქში 24 საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო. ოქტომბრის თვიდან ქუთაისის 29 ქუჩის 11 000 -მდე მოსახლე 24 საათიანი, ხოლო 69 ქუჩის 25 000 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს. ამას დაემატება ასათიანის ქუჩაც.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















