"ილო" აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ფოტოგრაფია"
"ყოველ შემოდგომას ფოტოხელოვანები ელოდებიან "ილოს", ფოტოკონკურსს, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ფოტოგრაფები იწყებენ საკუთარი არქივის გადახედვას და შესაბამისი ფოტოების მოძიებას, ეს ძალიან სასიამოვნოა, ესე იგი ამ იდეამ გაამართლა" - განაცხადა თამთა თურმანიძემ "ილო 2017"- ის საინფორმაციო შეხვედრაზე. მისი თქმით, "ილო" აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ფოტოგრაფია და აქვთ უნარი დაინახონ ჩვეულებრივში მეტი.
შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. მას მოყვარული ფოტოგრაფები და წინა წლებში გამარჯვებულები ესწრებოდნენ.
ფოტოკონკურსს, რომელსაც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება, წელს 10 წელი უსრულდება. მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლის თამთა თურმანიძის განცხადებით, კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას, ასევე ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილეთა შემოქმედებითი დონე.
"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა, რაც მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო, კონკურსში მონაწილეობის 2 მსურველი უკვე დარეგისტრირდა. წელს ჩვენ დავაბრუნეთ პუბლიკის სიმპატიის პრიზი, რომელიც სოციალურ ქსელში მიღებული მოწონებებით განისაზღვრება, თუმცა ამ შემხვევაში საპრიზო თანხა სიმბოლურია, რაც გამორიცხავს "ხათრით შეგროვებულ ლაიკებით" მიღებულ უპირატესობას, თემა არის "ქუთაისი, რომელიც მიყვარს",-აღნიშნა თამთა თურმანიძემ.
ფოტოხელოვან არჩილ გეგენავას განცხადებით, საჭიროა ფოტოკონკურსის ცნობადობის გაზრდა. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ არ იცვლება ფოტოკონკურსის მონაწილეთა გეოგრაფია.
ფოტოხელოვანი მამუკა კაკაურიძე კი საპრიზო ფონდის სიმცირეზე მიუთითებს. მისი თქმით, მხოლოდ მერია ვერ შეძლებს კონკურსის ფინანსურ უზრუნველყოფას და საჭიროა ბიზნესმა გამოხატოს მხარდაჭერა ფოტოკონკურსისადმი.
შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. საკონკურსო თემა თავისუფალია. მონაწილეობის მიღება, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ.
დასკვნითი გამოფენა, საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება კი 7 ნოემბერს გაიმართება. I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















