|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ააიპების თანამშრომელთა ხელფასებზე 15 119 661.12 ლარი იხარჯება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს მოიცავს და 2014-2015 წლებში ააიპებში დასაქმებულთა რაოდენობს გაზრდასა და შემცირებას ეხება.

ორგანიზაციის იმერეთის ბიუროს კოორდინატორის ზურაბ ზამბახიძის განცხადებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმერეთის მასშტაბით 19 ახალი ააიპი შეიქმნა, რამაც საშტატო ერთეულები 1 587 თანამშრომლით გაზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში 19 ააიპი გაუქმდა. ამან კი, თავის მხრივ, საშტატო ერთეულები 800-ით შეამცირა. საერთო ჯამში,  რეგიონში 158 ააიპი ფუნქციონირებს.

ზამბახიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ახალ ააიპებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება თვეში 498 117.76 შეადგენს, წელიწადში კი, ახალი ააიპების შენახვა მუნიციპალიტეტებს 5 977 413. 12 ლარი უჯდება. ამას ემატება უკვე არსებულ ააიპებში დამატებული თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება. 

2014-2105 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად  12 მუნიციპალიტეტში ააიპებში ხელფასებზე  15  119  661.12 ლარი იხარჯება.

ზამბახიძის განცხადებით, ხუთი ახალი ააიპი შეიქმნა ქუთაისის თვითმმართველობაში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა  470-ს შეადგენს.  შესაბამისად,  220 086, 38 ლარით გაიზარდა ყოველთვიური სახელფასო ფონდი. ასევე ცვლილება მოხდა სხვა ააიპებში დასაქმებულთა კუთხით, სამ ააიპში 23 ერთეულით შემცირდა შტატები, 11 ააიპში კი 296 ერთეულით გაიზარდა.

ასევე რეორგანიზაცია ჩატარებულ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, რეორგანიზაციამდე 1310 თანამშრომელი ირიცხებოდა, 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი,  1 571-ია. ზამბახიძე დადებითად აფასებს ქუთაისის ააიპებში მიმდინარე ატესტაცია-კონკურსებს, რის მეშვეობითაც ვაკანტურ ადგილებზე ადამიანები კონკურსის გზით ინიშნებიან და  არა ერთპიროვნულად.

ცვლილებებია სხვა მუნიციპალიტეტებშიც, გამონაკლისს  წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 18 ერთეულით შემცირდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს მოახდინონ ააიპებში დასაქმებული კადრების ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხები კი ინსტრასტრუქტურულ პროექტებს მოახმარონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი