|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგია შემუშავდა

„იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე” იმსჯელეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. სტრატეგია ,,იმერეთის ტურიზმის კლუბის” მიერ შემუშავდა.

იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის სტრატეგია” ითვალისწინებს რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ეკომეგობრული სათავგადასავლო ბანაკების მოწყობას, შესაბამისად, სათავგადასავლო პოტენციალის წინ წამოწევას და რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

სტრატეგიის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეულ ადგილებზე განთავსებულ ბანაკებს ექნებათ საერთო სახე, პროექტირება და მართვის სტილი. მათ ერთმანეთისგან განასხვავებთ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი ატრაქციები.

ბანაკები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებიან საფეხმავლო, სამანქანო, რიგ შემთხვევაში ველო-საცხენოსნო გზით და საფეხმავლო ბილიკებით.

რეგიონის განვითარებაში სათავგადასავლო ტურიზმის როლზე ისაუბრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულების განვითარება მხარეს მოუტანს დამატებით ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ძნელად მისადგომი სოფლებისა და მხარეების ათვისებას, ასევე ეკონომიკური საქმიანობის გაცოცხლებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.

პროექტის მნიშვნელობასა და განვითარების ეტაპებზე, საკემპინგო ზონების შერჩევის პრინციპებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს: DMO იმერეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მარი დევიძემ, იმერეთის ტურიზმის კლუბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პაიკიძემ, ტურიზმის დოქტორმა ოთარ ჯაფარიძემ, გეოგრაფიის დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა და კომპანია კამერტონ-თრეველის ხელმძღვანელმა დავით ქობულაძემ.

რეგიონი სათავგადასავლო ტურიზმისთვის საჭირო ბუნებრივი პირობებით და რესურსებით გამორჩეულია. მხარეს აქვს მაღალმთიანი რელიეფი, კანიონები, მღვიმეები, მდინარეები და ჩანჩქერები. ასევე, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სათავგადასავლო ტურიზმში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, კადრების მომზადება-გადამზადებასა და მეტად ინტეგრირებას რეგიონის ტურისტულ საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავგადასავლო ფესტივალების ჩატარება იმერეთის მასშტაბით. ამ მიმართულების განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც, რომელიც მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა.

,,იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგია” ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა.

პროექტის განხორციელების დროდ ხუთი წელი განისაზღვრა და ამ პერიოდში უნდა განვითარდეს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა მიმართულება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა