ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციურ კანონპროექტში რიგი ცვლილებები შევა
„კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვები საპარლამენტო ფორმატში მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიმართება“, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეიდან, პარასკევის ჩათვლით, საკომიტეტო მოსმენები ხუთ კომიტეტში ჩატარდება, რის შემდეგაც კონსტიტუციურ კანონისპროექტს კანონმდებლები პირველი მოსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურები განმარტა და განაცხადა, რომ კანონპროექტი, ორი მოსმენით ივნისის ბოლომდე, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნება განხილული და მიღებული.
მესამე მოსმენით კონსტიტუციურ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით კონსტიტუციური კანონპროექტში რიგი ცვლილებები შევა.
„ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება და მასში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ საკომიტეტო განხილვებს, დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი შევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ბონუსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ ექნება ნეგატიური შეფასება. თუმცა, მისი თქმით, ბონუსთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული ზღვარი - "ზედა ჭერი" დაწესდეს.
„განიხილება ზედა ჭერის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის დროსაც. შეიძლება დაწესდეს გარკვეული ზღვრები. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტური ზედა ზღვარი, ეს შეიძლება იყოს ფარდობითი ზედა ზღვარი, ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში და აბსოლუტურად განსაზღვრული და ცხადი გახდება ბონუსის მოცულობა და შესაბამისად, დაცული იქნება მყარად, საარჩევნო თანასწორობის პრინციპი. ეს არის ჩვენი მიდგომა,“ -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















