|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იღბლიანი ვარ - დედამიწაზე საუკეთესო ქალაქში ვცხოვრობ"

 "ნიუპრესის"  სტუმარი აფხაზეთიდან დევნილი  ხელოვანი გელა ღაჭავაა.  მხატვარი, რომელსაც გრაფიკოსად იცნობენ, ამავე დროს  ფოტოგრაფიითაცაგატაცებული. 

-ძირითადად  გრაფიკაში მუშაობთ,  რატომ გადაწყვიტეთ ასე? 

-ფაქტიურად, ყველა ჟანრში მაქვს ნამუშევარი, მაგრამ  მაინც გრაფიკოსს მეძახიან.   ცხოვრება მაქვს ასეთი,  სულ სიარული მიწევს, საღებავის ტარება კი ძნელია. ამიტომ ძირითადად ვხატავდი ფანქრით, ან პასტით,   10 000-მდე მარტო ფანქრით ნახატი მაქვს გაყიდული.  ამის  შემდეგ „მომემაგრა“  სტატუსი - „გრაფიკოსი“.

-თქვენს შესახებ რას გვეტყოდით?

-აფხაზეთიდან დევნილი ვარ, დავიბადე  გალში.   4 წლის ასაკიდან ვხატავ.   სენაკის პირველი სამხატვრო სკოლა დავამთავრე.  მეშვიდე კლასიდან ფოტოგრაფიით დავინტერესდი.   ახლა საკმაოდ ინტენსიურად დავიწყე ფოტოებზე მუშაობა. უამრავი გამოფენა მქონდა,  20-მდე მარტო ქუთაისში. ამჟამად დიზაინერობაც შევითავსე, ვაკეთებ ეტიკეტებს ღვინოებისთვის. ძალიან პრაგმატულად მიწევს ცხოვრება, ჩემთვის არ არის პრიორიტეტი, ვინმეს ჩემი ნიჭიერება დავუმტკიცო.  რაც უნდა მაგარი მხატვარი ვიყო,  მირჩევნია, ჩემთვის ვიცხოვრო,  წყნარად.   ჩემს გასაკეთებელს მე მაინც ვაკეთებ. ვიღაც ამას ოდესღაც დაინახავს, ან არ დაინახავს.

-როგორია თქვენი ქუთაისი?

-სამყაროში ერთადერთი დასახლებული პლანეტა  დედამიწაა, დედამიწაზე ყველაზე კარგი ქვეყანა საქართველოა, საქართველოში ყველაზე კარგი ქალაქი ქუთაისი და ამ ყველაზე კარგ ქალაქში, ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. დილით ვიღვიძებ,  ბაგრატის ტაძარს  ვუყურებ,  ღამით თავს "ბაგრატი“ დამყურებს. იღბლიანი ვარ - დედამიწაზე საუკეთესო ქალაქში ვცხოვრობ, ეს ჩემი უსაყვარლესი ქალაქია.  უამრავი შანსი მქონდა წავსულიყავი სხვაგან,  მაგრამ არასდროს წავსულვარ - იქ ვიქნებოდი, როგორც ციყვი ბორბალში და არა, როგორც არწივი ცაში.

-როგორც ფოტოგრაფს, გაქვთ თუ არა ისეთი ადგილი, რომელიც გინდათ, რომ გადაიღოთ?

-მართალი გითხრა, ყველა ადგილი ასეთია, ერთხელ გადაღება არაფერს  ნიშნავს. გადაღების პროცესში აუცილებელია გადაღების წამი. აი, მაგალითად,  „ბაგრატი“ დილიდან საღამომდე გადავიღე და ყოველ ერთ წუთში სამჯერ, ოთხჯერ განწყობას იცვლის. როგორ შეიძლება,  შენ მოხვედი, გადაიღე ერთი კადრი და წახვედი?  ვინც ასე გააკეთა,  იმათ, ყველას, ვაჩვენებ ისეთ  „ბაგრატს“, რომელიც არ უნახავთ.


-ფავორიტი მხატვარი და  ფოტოგრაფი თუ გყავთ? 

-106 ფოტოგრაფისა და მხატვრის დაბადების დღე გადავიხადე. თითოეულის საპატივცემულოდ ეტიკეტი გავაკეთე ღვინის ბოთლისათვის, რომლებსათ  მათსავე დაბადების დღეებზე ვხსნიდი.  მინდა, ამ 106 ბოთლის გამოფენა გავაკეთო.
შევკრიბე ჩემი პატარა ჯგუფი, რომლებთან ერთადაც თითქმის კვირაში ერთხელ, ერთ დაბადების დღეს აღვნიშნავდით.  იმ დღეს წავიდოდით, გადავიღებდით იმ ჟანრში ფოტოებს, რა ჟანრშიც მუშაობდა იუბილარი,  ვსვამდით ღვინოს  და  იმ ადამიანის ბიოგრაფიაზე ვსაუბრობდით.
ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ 106-ვე ჩემი ფავორიტი ფოტოგრაფია და კიდევ 500 შემიძლია გითხრა.  მხატვრებზე უფრო მეტი შემიძლია ვილაპარაკო.

-პერსპექტიულ ახალგაზრებს თუ ხედავთ? 

-ფოტოგრაფიაშიც ბევრია, რეჟისურაშიც, კინემატოგრაფიაშიც. ძალიან ბევრია, მაგრამ ... 30 წლის განმავლობაში,  ვისაც შეეძლო ამ ქვეყანაში და ქალაქში კულტურის გადარჩენა,  აქედან წავიდა.  ვინც  აქ დარჩა,  მხატვრობა მიატოვა და დურგალი გახდა.  ასეთ სიტუაციაში შეიძლება თუ არა გაიზარდოს ახალგაზრდა და იყოს იმ ცოდნისა და კულტურის მატარებელი, რაც აუცილებელია?
-ანუ,  თქვენი თქმით,  ახალგაზრდებს გარემო უშლით ხელს
-საცოდაობაა,  რა მდგომარეობაშიც  ახალგაზრდა მხატვრები იმყოფებიან.  ისეთი ელემენტარული რამ აკლიათ,  რაზეც  წარმოდგენა  თვითონაც არ აქვთ. ნიჭი რომ აქვთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს არაფერს.

-ახალგაზრდა მხატვრებს რა შეგიძლიათ ურჩიოთ?

-უპირველეს ყოვლისა,  უფრო მეტი დრო დახარჯონ სწავლაში, განათლების მიღებასა  და არა ხატვაში.  მარტო ხატვის ცოდნით მხატვარი ვერ გახდები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე