|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის ინფლაციის საკითხები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაძვირებულია - მინისტრი

ჯანდაცვის ინფლაციის საკითხები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაძვირებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სახელმწიფო თავის თავზე იღებს იმ ფუნქციებს, რომ მოწყვლად ჯგუფებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა არ შეეზღუდოთ.

„ჯანდაცვის ინფლაციის საკითხების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემაა, თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი, რომ, მაგალითად, მოწყვლადი ჯგუფებისთვის რომელიმე სერვისზე ხელმისაწვდომობა რამენაირად გაძვირებულია. სახელმწიფო თავის თავზე აქვს აღებული ყველა იმ ფუნქციის და ვალდებულების შესრულება, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა არ შეიძლება ეს თემები გამოყენებული იქნეს სასპეკულაციოდ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ის პრობლემა, რომელიც ტვირთია ჩვენი ქვეყნის მოწყვლადი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ოქტომბერში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 8.9%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3 %), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8%) ქვეჯგუფებზე. 

ავტორი: