"ჯარში სუიციდის სტატისტიკა მაღალი არ არის"
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ქუთაისში იმყოფება. დოლიძე ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში დასავლეთ საქართველოს სერჟანტებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
"მხარი მხარს!'–ეს არის კონცეფცია, რომელიც საქართველოს შეარაღებული ძალების უსაფრთხო საქმიანობას გულისხმობს. "მხარი მხარს" გულისხმობს, რომ ჩვენში არავინ არის მარტო. ჩვენში არ არსებობს სხვისი გასაჭირი",–აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, ეს პროგრამა არის მთლიანი კონცეფცია, რომელიც სოციალურ სფეროს, სუიციდს, ჯანდაცვას, განათლებას და სხვა მრავალ პროგრამას მოიცავს. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სუიციდის პრევენციაა, რის გამოც მოხდა ამ კომპონენტის განცალკავებით და დაჩქარებულად განხორციელება.
"სუიციდი განვითარებული ქვეყნების დიდი პრობლემაა და ეს პრობლემა ჯარშიც იჩენს თავს. ჩვენი სტატისტიკა ჯარში სუიციდის მაჩვენებლის არ არის მაღალი, თუმცა არსებობს რისკები. სწორედ ამიტომ დავიწყეთ სერჟანტთა გადამზადება, რომ ისინი მომზადებულები იყვნენ და თავიანთი გამოცდილებით მოახდინონ ჯარისკაცთა პრობლემის დროულად შემჩნევა და რეაგირება. ასევე პრობლემად რჩება აზარტული თამაშები. ჯარისკაცს, რომელიც მოთამაშეა და შეხება აქვს იარაღთან, არის დიდი პრობლემა, ამიტომ ხდება შინაგანაწესის გამკაცრება. ასევე ჩვენი კონცეფციის ფარგლებში ჯარისკაცს იურისტის კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ექნება, რომ მას ზუსტი ინფორმაცია ქონდეს მის მიერ აღებულ ვალდებულებაზე",–განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















