|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაჟორიტარობის 9 კანდიდატი ზეწოლის გამო არჩევნებს გამოეთიშა"

კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს საარჩევნო ბლოკის "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია. 

ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისსა და ზესტაფონში. საკითხით "ნიუპრესი" დაინტერესდა.

გოგი წულაია კონკრეტული კანდიდატის ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს, როგორც აღნიშნავს, მასზე ზეწოლა ნათესავებზე მუქარით მიმდინარეობს. წულაია ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

 

სამაგიეროდ ზეწოლის ფაქტებზე ღიად საუბრობს ზესტაფონის მერობის კანდიდატი გივი თუთბერიძე. მისი თქმით,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 9  კანდიდატმა, რომელთაგანაც 2 საკრებულოს წევრია, უარი თქვა კენჭისყრაზე, "ზოგს ცოლის სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, ზოგ დისშვილის და ძმისშვილის"-აცხადებს თუთბერიძე.

"14 სექტემბერს ვიდრე კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია მოხდებოდა 7 კანდიდატმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, 17-ში კიდევ ერთმა კანდიდატმა განაცხადა უარი.  გუშინ უკვე რეგისტირებულმა კანდიდატმა მითხრა, ვერ ვიყრი კენჭს, ზეწოლა არისო - მისი მეუღლე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მუშაობს და პირდაპირ მიუთითეს ამაზე. ამას გარდა, ჩვენი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი პოლიტიკურ ავანტიურაში გააბეს. ის ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო, მანაც დეპუტატის კანდიდატობაზე უარი თქვა", - განაცხადა გივი თუთბერიძემ. მისი თქმით, ამ საკითხზე ბრიფინგის ჩატარებას თბილისში გეგმავს, სადაც კონკრეტულ ფაქტებს წარადგენს. 

რაც შეეხება "პოლიტიკურ ავანტიურას" - თუთბერიძის თქმით, საკრებულოს წევრს ზაალ ფერაძეს ჯერ  "ქართული ოცნებიდან" კენჭისყრა შესთავაზეს, რაზეც უარის მიღების შემდეგ დაავალეს, რომ "პატრიოთთა ალიანსში" შედი და იქედან დაგვეხმარეო. ფერაძე მართლაც შევიდა "პატრიოტთა ალიანსში", თუმცა ცოტა ხნის შემდეგ იქედან წამოვიდა და თავის პარტიას დაუბრუნდა, მაგრამ ამ დროისათვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გასული იყო და ის დეპუტატის მანდატისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ზესტაფონში 21 სამაჟორიტარო ოლქია - 3 ქალაქის და 18 რაიონის. პარტია ყველა საარჩევნო ოლქში კანდიდატურის დასახელებას გეგმავდა, თუმცა  კანდიდატურების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. 

"ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატის ცილისწამებაზე პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან აბსოლუტურად დაუდასტურებელი ბრალდებები გაჟღერდა.

"სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩეველს საკუთარ ხედვებს აცნობდნენ, დაკავებულები არიან სიცრუის ტირაჟირებით. ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და მივყვებით იმ დღის წესრიგს, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გვაქვს დასახული", -განაცხადეს "ქართული ოცნებაში".

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა