კანონის დამრღვევ პოლიციელს არ გადავეფარები- შს მინისტრი
ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას პოლიციელმა ორ სხვა პირთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.
"ადამიანი, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და მოუწოდებდეს წესრიგისკენ სხვებს, როდესაც ის არღვევს კანონს და ის არღვევს წესრიგს, მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ საჭირო იქნება, ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს, გათავისუფლდება, პასუხისგებაშიც მიეცემა. თუკი ეს დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული. ამის პირობას გაძლევთ იმიტომ, რომ ის, რასაც ახლა ეს ჟურნალისტი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება," - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა, რომლის დროსაც ჟურნალისტს გიორგი გასვიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ბორჯომში მოხდა. ჟურნალისტის გადმოცემით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები შეესწრნენ, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა. გასვიანის თქმით, მოძალადეებს შორის აგრესიულობით პოლიციის თანამშრომელი მიხეილ ხუციშვილი გამოირჩეოდა.
გასვიანი უკვე დაკითხეს ბორჯომის პოლიციაში. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















