მაკა ჩიჩუას ქუთაისის "ქალთა კლუბის მეგობრის" სტატუსი მიენიჭა
ქუთაისში მოქმედმა "ქალთა კლუბმა" 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში გაიმართა, გავლილი წლების საქმიანობა შეაფასეს, ახალი წევრები მიიღეს და კლუბის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.
ასოციაციასთან „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ არსებული ქალთა კლუბი ყოველწლიურად ახალ თავმჯდომარეს ირჩევს, რომელიც იმ წლის ღონისძიებებს წარმართავს. ახალმა თავმჯდომარემ ქეთი ბერძენიშვილმა, რომელიც ია იაშვილს შეცვლის, "აღმოჩენების წელი" დააანონსა.
საიუბილეო ღონისძიებას სტუმრის სტატუსით პირველი ლედი მაკა დაესწრო. როგორც კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა განაცხადა, ის სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც პირველმა ლედიმ მათი მიწვევა მიიღო. მან მაკა ჩიჩუას კლუბის საპატიო წევრის ნაცვლად "კლუბის მეგობრის" სტატუსი შესთავაზა. "მეგობარი-უფრო ჩემია"-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ და "კლუბის მეგობრის"წოდება სიამოვნებით მიიღო.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა საზოგადოების მხარდაჭერა, ნებისმიერ დროს დამიკავშირდით და თქვენს გვერდით ვარ", - უთხრა მან ქუთაისელ ქალებს. მას კლუბის წევრობის დამადასტურებელი სამაჯური გადასცეს.
ქუთაისელ ქალებს მიესალმა მწერალი დატო ტურაშვილი.
ღონისძიების ბოლოს ტრადიციულად გაიჭრა საიუბილეო ტორტი.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















