|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროელებმა ღია წერილით კობახიძეს მიმართეს - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

„ვითხოვთ იმ ოთხი ადამიანის გათავისუფლებას, ვინც უბრალოდ გაბედა და ხმამაღლა თქვა: ქვეყანაში შრომის გარეშე ბიზნესი ვერ იარსებებს, ჩვენ ყველა ვეწინააღმდეგებით მიხეილ სოცკის მმართველობას საწარმოში" -აცხადებენ  ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც  „ქართული ოცნების“ პრემიერს ირაკლი კობახიძეს ღია წერილით ერთხელ მიმართავენ და კვლავ მასთან შეხვედრას ითხოვენ.

„მაღაროელის“ ცნობით, დღეის მდგომარეობით შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ მათგანს პირი ამოკერილი აქვს. ორი მშრალ შიმშილობაზე იყო, ვიდრე მათი მდგომარება კრიტიკულად არ დამძიმდა, ე ციხეში შიმშილობს დაპატიმრებული მერაბ სარალიძეც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე მძიმეა.

„მაღაროელების პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნა ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებაა. მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული.

ბატონო პრემიერო, 
გუშინ საჯაროდ მოგმართეთ სოციალური ქსელით – გთხოვდით, ჩართულიყავით ჭიათურაში შექმნილ უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში. პასუხად, თქვენ შეხვედრაზე მიიწვიეთ ბიზნესის წარმომადგენლები. და არა ისინი, ვინც ამ ბიზნესს ყოველდღიურად ამუშავებს – ვინც დილიდან ღამემდე ქმნის დოვლათს, ვინც თავად წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს.
თქვენ კარგად იცით, რომ ბიზნესი – რეალურად – არის მშრომელი ადამიანი. ყველა საწარმოში, ყველა ინდუსტრიაში, ვინც ქმნის პროდუქციას, ამუშავებს ფაბრიკას , ქარხნებს ,საწარმოებს  – სწორედ ისინი არიან საფუძველი ეკონომიკის. მშრომელები, რომელთა წილი და ხმა ამ ქვეყანაში უგულებელყოფილია.
თუ ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ნამდვილად გსურთ, მაშინ პირველ რიგში სწორედ შრომითი პირობების გაუმჯობესებას უნდა მიექცეს ყურადღება – უსაფრთხოებას, ანაზღაურებას, უფლებებს და მოპყრობას. მაგრამ თქვენი მოქმედებით გვეუბნებით, რომ მათი ხმა არაა პრიორიტეტი – თითქოს საკმარისია მხოლოდ ინვესტორის ბიზნესმენის მოსმენა, და არარსებულია ის, ვინც ამ ინვესტიციას სიცოცხლით ემსახურება.
გახსოვდეთ: თქვენ ხართ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. წარმოადგენთ სახელმწიფოს. შპს „ჯორჯიან მანგანეზს”– ასე ყავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აქ სახელმწიფოს ჩარევა კი არა, მისი უშუალო პასუხისმგებლობაა ყველაფერზე , რაც დღეს ჭიათურაში ხდება. პირველრიგში ინვესტორის და კომპანიის უპასუხისმგებლო ქმედებებზე. 
ჩვენი პროტესტი, დაკავებებამდე ბევრად ადრე, ითხოვდა სახელმწიფოს ჩართულობას. ჩვენი მიზანი არ ყოფილა დაპირისპირება – ვითხოვდით მონაწილეობას, დიალოგს, პრობლემის გადაჭრას. მაგრამ 4 ჩვენი მეგობრის და თანამებრძოლის უკანონო დაკავების შემდეგ, მათ ციხეშიც დაიწყეს შიმშილობა. ზუსტად იმ მოთხოვნით, რაც ახლა თქვენ გეკუთვნით – პრემიერ-მინისტრის ჩართულობა.
დღეს შიმშილობს შვიდი ადამიანი. სამ მათგანს პირი ამოკერილი აქვს. ორი უწყლოდ შიმშილობდა სანამ მათი მდგომარება კრიტიკულად არბდამძიმდა. მათი მთავარი მოთხოვნა უსამართლოდ დაკავებული ,  ჩვენი 4 თანამებრძოლის განთავისუფლებაა ,  ასევე ციხეში შიმშილობსმ ერაბ სარალიძეც ,რომლის ჯართელობის მდგომარეობაც დამძიმდა. 
ამ ყველაფრის ფონზე, თქვენთვის პრიორიტეტი რჩება ბიზნესმენებთან შეხვედრა. ე.ი. თავად ამტკიცებთ, რომ ამ ქვეყანაში მუშა ადამიანის სიცოცხლე არც პრიორიტეტია და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ბატონო პრემიერო, თქვენ ვალდებული ხართ იზრუნოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე – განურჩევლად მათი პოზიციისა. სახელმწიფოს ხელმძღვანელი ხართ და არ გაქვთ ფუფუნება, გულგრილი დარჩეთ მაშინ, როცა მოქალაქეები უკიდურეს ზომამდე მიდიან.
ჩვენი პროტესტი არ არის დესტრუქცია – ეს არის არსებობისთვის ბრძოლა. ბრძოლა ღირსებისთვის. და თუ ამ ბრძოლაში ადამიანი მზადაა, მეგობრის გამო საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს, ვერავინ დაასაბუთებს, რომ ასეთ ადამიანებს „რადიკალები“ ჰქვია.
ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტს – ვითხოვთ სამართლიანობას. ვითხოვთ იმ ოთხი ადამიანის გათავისუფლებას, ვინც უბრალოდ გაბედა და ხმამაღლა თქვა: ქვეყანაში შრომის გარეშე ბიზნესი ვერ იარსებებს, ჩვენ ყველა ვეწინააღმდეგებით მიხეილ სოცკის მმართველობას საწარმოში. ( ეს საკითხი ცალკე კარგად შესასწავლია თქვენი მხრიდან. მაგალითად ,  4 თვის სახელფასო დავალიანება აქვს გადასახდელი კომპანიას დასაქმებულებისათვის , რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელ ჩართულობის აუცილებლობაზე. 
ჩვენ არ ვიღებთ პასუხად დუმილს. დრო გადის…. სიტოაცია უფრო და უფრონმძიმდება.
უწყვეტი საპროტესტო აქციის 128-ე და შიმშილობის 17-ე დღე", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი ტარიელ მიქაცაძემ შიმშილობის მე-17 დღეს კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობიის ქვეშ იმყოფებოდა კიდევ ერთი მოშიმშილე მაღაროელი  მირზა ლოლაძეც. ორივე მაღაროელი კლინიკიდან გაწერის შემდეგ საპროტესტო აქციაზე მივიდა. 

 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი