"პარტიაში უმცირესობას არ წარმოვადგენთ" - გია თევდორაძე
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე პარტიის ოფისში მიმდინარე კონფერენციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის და თავის თანამოაზრეებთან ერთად ემიჯნება „დადგენილი წესების დარღვევაში“ მონაწილეობას, თუმცა ხელს არ უშლის მათ, ვისაც ეს უნდა.
„მე ვთვლი, რომ ჩვენი პარტიის მთავარი ღირებულება, ეს იყო დადგენილი ნორმების და წესების დაცვა და არა რომელიმე პირის გადაწყვეტილების პატივისცემა, ეს განასხვავებს მას სხვა პარტებისაგან და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისაგან“. სამწუხაროდ, ჩვენი პარტიის გარკვეული ნაწილი დაადგა ამ წესების დარღვევის გზას, იანვრის ყრილობა რომ შემდგარიყო, ამას სჭირდებოდა გარკვეული წესების დადგენა, რითაც მოხდებოდა დელეგატთა შერჩევა და პოლიტსაბჭოს ქვოტირება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა", - განაცხადა თევდორაძემ.
მისი თქმით, ის და მისი თანამოაზრეები ქუთაისში უმცირესობას არ წარმოადგენენ: „ქუთაისში პარტიას ყავს 2 400 და მეტი წევრი და ადვილი მისახვედრია, რომ მე და ჩემი მეგობრები პარტიაში უმცირესობას არ წარმოვადგენთ“, -აღნიშნა თევდორაძემ გია უკლებას განცხადების პასუხად.
მისი თქმით, იმედი აქვს, აზრთა სახვადასხვაობის მიუხედავად, ერთმანეთის პატივისცემას შეინარჩუნებენ. "ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, რასაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი წარმოადგენს", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში 20 იანვრის კონფერენციისათვის დელეგატთა შერჩევა მიმდინარეობს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















