"ყოველთვის ვიქნები ამ ქალაქის გულშემატკივარი"-შოთა მურღულია
ქუთაისის მერი თანამშრომლებს დაემშვიდობა. შოთა მურღულიამ მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, ააიპების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მიღწეული შედეგებით კმაყოფილია.
„არ შეიძლება ბოლომდე კმაყოფილი იყოს ადამიანი, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი რამ შევძელით. 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტი 10 მილიონით გავზარდეთ. მადლობა ამისთვის თქვენ, რომლებიც დაუღალავად მუშაობდით. მადლობა სამსახურების უფროსებს, მადლობა თანამშრომლებს, მე ვხედავდი, მიზერული თანხებით მაქსიმუმს აკეთებდნენ. მადლობა საბინაო სამსახურს, რომელიც ყველაზე დიდი სამსახურია, ვცდილობდით ყველა ადამიანს დავხმარებოდით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, გვეჩვენებინა, რომ მათ გვერდით ვიყავით. მადლობა საფინანსო სამსახურს, მადლობა ეკონომიკის სამსახურს, რომელმაც პრივატიზების რეკორდული მაჩვენებელი დადო, არავისთვის შეგვიშლია ხელი ინვესტიციის განხორციელების დროს. მადლობა არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურს, ასევე ადმინისტრაციას, რომლის მეშვეობითაც დაინერგა თანამედროვე სერვისები. მადლობა კულტურის სამსახურს, ეს არის სფერო, რომელზეც ყველა საუკუნეში დაობენ. შეუძლებელია, ყველას გემოვნებას მოარგო, მაგრამ ასეულობით კონცერტი ჩატარდა. მადლობა თეატრებს, რომლებიც მუდმივად მზად იყვნენ, გვერდით დაგვდგომოდნენ. მე არ მრცხვენოდა სტუმრის მიღება, რადგან ვიცოდი, რაც ხვდებოდათ თეატრებში. მადლობა ტურიზმის სამსახურს. მე სადაც ვიქნები, ყოველთვის ვიქნები ამ ქალაქის გულშემატკივარი, როგორც ყოველთვის და შეიძლება სხვა პოზიციიდან მეტიც შევძლო. გისურვებთ წარმატებას“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.
მან ასევე წარმატება უსურვა ქუთაისის ახალ მერს.
„წარმატებას ვუსურვებ გიორგის, რადგან მისი წარმატება ამ ქალაქის წარმატებაა, ამ ქალაქის წარმატება არის თითოეული ჩვენგანის მიზანი და მჯერა ასეც იქნება“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.
რას ურჩევს შოთა მურღულია ქუთაისის ახალ მერს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















