"მეც ვარ იმ პოზიციაზე, რომ მიშა უნდა დარჩეს პარტიის ლიდერად" -გია უკლება
"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებებლი მდივნის სერგო რატიანის მიერ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების მიმართ გაგზავნილ წერილს, პარტიის წევრების არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.
"მომხრე ვარ პარტიის განახლების, ყრილობა აუცილებლად უნდა შედგეს 20 იანვარს, უნდა ავირჩიოთ პარტიის ახალი პოლიტსაბჭო და მმართველი გუნდი," - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია უკლება პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ის სერგო რატიანის წერილს ეხმაურება და აღნიშნავს: "მისი განცხადება მეტყველებს არა სერგო რატიანის უნარზე, რომ ის პარტიის კარგი მმართველია, არამედ ადასტურებს იმას, რომ რატიანი ვერ არის ის პიროვნება, რომელიც უნდა იყოს პარტიის მმართველ გუნდში".
როგორც გია უკლება აცხადებს, ყრილობაზე ის მხარს მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს. "ხელოვნური არ შეიძლება არაფერი და არც ლიდერი შეიძლება იყოს ხელოვნური. ჯერჯერობით ასეა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პარტიის ლიდერი. მიშა არის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი საქართველოსი, აქედან გამომდინარე, მეც ვარ იმ პოზიციაზე, რომ მიშა უნდა დარჩეს პარტიის ლიდერად", - განუცხადა უკლებამ "ნიუპრესს".
შეგახსენებთ, "ნაციონალურ მოძრაობაში" 20 იანვარს დაგეგმილ ახალ ყრილობაზე უნდა გადაწყდეს, აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს, თუ პარტიის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილი დარჩება. პარტიის ერთი ნაწილის მოთხოვნით, უნდა ჩატარდეს 7 ათასკაციანი ყრილობა. სერგო რატიანი კი თავის წერილში წერს, რომ "ყრილობის ორგანიზება იურიდიულ ჩიხში შევიდა":
"ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი - არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე.
კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები", - ნათქვამია სერგო რატიანის წერილში.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















