მერების და მაჟორიტარების რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
„საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. რვავე მუნიციპალიტეტში არჩევნები ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ცესკომ ასევე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ხუთივე მერის რიგგარეშე არჩევნები 362 საარჩევნო უბანზე ჩატარდება“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
19 მაისს ასევე გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.
პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 401 750 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















