„მერია და კონტროლის პალატა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გვაწვდიან“
კოპანია „თ და კ რესტორნების“ მიერ ქალაქის ბიუჯეტის დაზარალებაზე საუბრობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას „მაკდოლნადსის“ ლობირებაში ადანაშაულებს ადა აცხადებს, რომ მერია კომპანიასთან თაღლითურ გარიგებაში შედის.
წულაია თქმით, მერიის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ წერილში წერია, რომ კომპანიას პირველი რესტორნის მშენებლობის ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტში 20 000 ლარის შესატანად ვადები არ ჰქონდა დაწესებული, რაც არ დასტურდება კონტროლის პალატის ინფორმაციაში.
„პირველი რესტორანი რომ აშენდა, ამის ფარგლებში ბიუჯეტში 20 000 ლარი უნდა შეეტანათ, მერიაში გვაპასუხობენ, რომ კომპანიამ 2008 წელს აშენებული რესტორნის გამო ბიუჯეტში თანხის შეტანა 2014 წელს დაიწყო და ეტაპობრივი გადახდით 2015 წელს დაასრულა. მერიაში ასევე გვპასუხობენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას არ ეკისრებოდა პირგასამტეხლო და არც ვადები იყო დაწესებული, კონტროლის პალატაში კი გვეუბნებიან, რომ „თ და კ რესტორნებს“ ბიუჯეტში თანხა 30 თვეში უნდა დაეფარა. მერია და კონტროლის პალატა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გვაწვდიან. ამით კარგად ჩანს, როგორ მფარველობს მერია ბიზნესმენ ჭყონიას, რომელსაც თითქოს თანხა არ აქვს და ერთჯერადად ვერ შეიტანდა ბიუჯეტში და როგორ შედის მასთან კორუფციული გარიგებაში“-განაცხადა წულაიამ.
მას კითხვები თანხის მიზნობრიობასთანაც აქვს. მისი თქმით, მერიას აღნიშნული თანხით უსახლკაროებისთვის ბინები უნდა შეეძინა, ამიტომ მოითხოვს განმარტებას, თუ რაში გაიხარჯა 20 000 ლარი.
წულაიას ბრალდებას მერიაში "სასაცილოს" უწოდებენ. ადმინსიტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, რატომ არ ჩაირიცხა 30 თვეში თანხა ბიუჯეტში, წინა მთავრობას უნდა კითხოს, რომელმაც ვალდებულება აიღო.
„უკვე სასაცილოც აღარაა ოპოზიციის მხრიდან დაუზუსტებელ თემებზე ბრიფინგების მიძღვნა. „მაკდონალდსმა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ჩარიცხა ბიუჯეტში თანხა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით გადანაწილდა. ბიუჯეტს აქვს უნივერსალობის პრინციპი და თუ რას ნიშნავს, ეს ამაზე შეგვიძლია ტრენინგი ჩაუტაროთ ბატონ გოგის. თუ რატომ არ ჩაირიცხა ბიუჯეტში 30 თვეში თანხა, ეს იმ მთავრობას უნდა კითხოს, რომელმაც ვალდებულება აიღო. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მერიამ ააშენა 48 ოჯახისთვის საცხოვრისი და ამისთვის არა 20 ათასი, არამედ ორმილიონ ნახევარი დაიხარჯა“,-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















