"მერიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ბიუჯეტიდან დაფინანსდა"
იტალიაში ქუთაისელი მხატვრების ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში განმარტება გააკეთეს. მერიის საგარეო ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა განმარტავს, რომ მხატვრები თანხას 500 ევროს ოდენობით ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ.
"მიმდინარე წლის მაისში ორ ქალაქს შორის გაფორმდა მემორანდუმი, ამის ფარგლებში დაიგეგმა მრვალი პროექტი და ერთ-ერთი იყო კულტურული მიმართულებით. შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ 20 მხატვარი მონაწილეობას მიიღებდა პლენერში, რომელსაც კოზენცა აწყობდა. შეთანხმებაში შედიოდა თანხა, რომელიც ანაზღაურებული იქნება კოზენცას მერიის მიერ. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება და შეგვპირდნენ, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩაირიცხება", -განაცხადა შორენა ხუხუამ.
მისი თქმით, საუბარია მხატვრების მგზავრობის და იტალიაში ყოფნის ხარჯებზე, რომელიც 500 ევროს შეადგენდა. რაც შეეხება მერიის ოფიციალურ დელეგაციას, ხუხუას ინფორმაციით, ოთხი წარმომადგენლის ვიზიტი მერიის მიერ დაფინანსდა, რაც მხოლოდ მგზავრობის ღირებულებას გულისხმობდა, თუმცა კონკრეტულად, რა ოდენობის თანხაა, ამაზე პირადად ვერ ისაუბრებს.
"მერიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, როგორც ხდება ხოლმე მივლინებების დროს. გამოიყო მხოლოდ მგზავრობის თანხა, თუმცა კონკრეტულად რა თანხაა, ამაზე მე პირადად ინფორმაციას არ ვფლობ"-განაცხადა შორენა ხუხუამ.
რაც შეეხება საკითხს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვის ბრალდებას, რომელიც იტალიაში მხატვრებისა და ჩინოვნიკების ვიზიტის ხარჯებს შეეხება, მერიაში უპასუხოდ დატოვეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















