"მერობის მთავარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე მოიაზრება"
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატებად, ხატია დეკანოიძე და გრიგოლ ვაშაძე სახელდებოდნენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშაძე ზაალ უდუმაშვილის სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა, შესაბამისად, ქუთაისის მერობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე რჩება. ინფორმაციას ადასტურებს საკრებულო დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" გია უკლება, რომლის თქმითაც, კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
"მერობის მთავარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე მოიაზრება. მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვნახოთ, როგორ დამთავრდება", - განაცხადა გია უკლებამ.
მისი თქმით, მერობის კანდიდატის წარდგენა რამდენიმე დღეში მოხდება.მისი თქმით, პარტიის მთავარი აქცენტი ქუთაისში ახალ პროექტებსა და დასაქმებაზე გაკეთდება.
"ქართული ოცნების" პირობებში ქუთაისი გაჩერდა. არ მიმდინარეობს არანაირი პროექტი, არც ინვესტიცია შემოდის. არ იქმნება სამუშაო ადგილები, შეჩერდა პოლიტიკურ ცენტრად ქცევის გეგმა, ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი პროექტებზე, დასაქმებასა და ინვესტიციაზე გაკეთდება", - განაცხადა უკლება. მისი თქმით, "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, დასუსტებულია.
"გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ "ქართული ოცნება" გამოლპა, მათ მდგომარეობას კრიზისიც არ ქვია, იქცა ყველანაირად უპერსპექტივო ჯგუფად, რომელიც უკვე სულს ღაფავს და უბრალოდ, დროის საკითხია, ეს როდის მოხდება. ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი უსერიოზულესი დარტყმა, რომელიც მათ წასვლას ქართული პოლიტიკიდან გარდაუვალს გახდის"-განაცხადა უკლებამ, რომლის თქმითაც, არჩევნებში თავადაც ჩაერთვება, თუმცა ჯერ დაზუსტებული არის მაჟორიტარად დასახელდება, თუ პროპორციული სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატურებს ასახელებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















