"მიღებული საარჩევნო კოდექსი არაა ისეთი, რომელზეც, წლებია, ვსაუბრობთ"
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელმოწერის მიუხედავად, "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები, არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია, საუბრობენ.
"დღეს მე ხელი მოვაწერე "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება: პირველი - ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც, წლებია, ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც ცნობილია, "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებული ორი კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა.
პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება – ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების - დაყოფა.
კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთად, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს.
იცლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება.
მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















