რატომ შეფერხდა სასწავლო პროცესი ქუთაისის სკოლებში?
ქუთაისის სკოლებში არასათანადო გათბობის გამო სასწავლო პროცესი ფერხდება.
მე-8 საჯარო სკოლაში გათბობის უქონლის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა. როგოც "ნიუპრესს" რესურსცენტრში განუცხადეს, სწავლა შაბათისთვის გადაიდო, რადგანაც გამათბობელი დაზიანდა და ცდილობენ მის შეკეთებას.
მე-2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით კი, მათი შვილები ცივ საკლასო ოთახში ქურთუკებით სხედან. მათი თქმით, მთელი ზამთარი ბავშვებს სიცივეში უწევთ ყოფნა, ვინაიდან ოთახის გათბობა დენის გამათბობელით ხდება, რაც ოთახის სათანადოდ გათბობას ვერ უზრუნველყოფს. მშობლები აცხადებენ, რომ ცივ საკლასო ოთახში მატულობს ბავშვების გაცივების და გრიპის ვირუსით დაავადების რისკი, ამის გამო კი იძულებულები ხდებიან, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.
ამ საკითხთან დაკავშირებით რესურს ცენტრის დირექტორი ბადრი ვაშაკიძე აცხადებს, რომ მე-2 საჯარო სკოლაში გათბობა არის, თუმცა, შესაძლოა, საკლასო ოთახი სათანადოდ ვერ თბება. ის აღნიშნულ ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს.
"მე-2 საჯარო სკოლაში საგანგაშო ვითარება არ არის. სკოლაში კი 90%-იანი დასწრებაა. შესაძლოა, სათანადოდ ვერ თბებოდეს საკლასო ოთახები, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ბავშვებს ქურთუკით ოთახში ყოფნა არ უწევთ",- აღნიშნა ბადრი ვაშაკიძემ.
მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის თქმით კი, საკლასო ოთახებში ნორმალური ტემპერატურა არის.
"საკლასო ოთახებში არის ნორმალური ტემპერატურა და ბავშვები არ იყინებიან, არის რამდენიმე საკლასო ოთახი, სადაც არ არის ცენტრალური გათბობა და დენის გამათბობლები გვიდგას. 3 ასეთი საკლასო ოთახი გვაქვს, სადაც მე-2 და მე-3 კლასის ბავშვები იმყოფებიან, ამ ოთახებში კი 2-2 დენის გამათბობელი გვიდგას", - აღნიშნა მურად ჯიშკარიანმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















