"მოქალაქეები არ არიან ვალდებულნი, გადაიხადონ პარკირების გადასახადი"
"ნიუპრესსზე" გასულ მასალას პარკირების საკითხებთან დაკავშირებით განცხადებით ეხმიანება მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"რამდენიმე დღის წინ, ჩვენს მიერ უკვე გავრცელდა განცხადება, რომ ქალაქის მერიის მიერ ავტომანქანების პარკირების სისტემის მოწესრიგების მიზნით დაფუძნდა შპს „პარკინგსერვისი“ და უახლოეს მომავალში დაიწყება ავტომობილების ორგანიზებული პარკირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. შესაბამისად, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ავტომობილების პარკირება ქალაქის მთელ ტერიტორიაზე იქნება უფასო და არავინ არ არის ვალდებული გადაიხადოს პარკირების ღირებულება ამ ხნის მანძილზე. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ფალიაშვილის ქუჩა N8-ის აღმოსავლეთით მდებარე პარკირების ადგილი, სადაც ავტომობილების პარკირება, ასევე უფასო გახდება მიმდინარე წლის 3 ნოემბრის - მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ქალაქის ტერიტორიაზე კვლავ ხდება პარკირების საფასურის აკრება ცალკეული იურიდიული თუ პიზიკური პირების მიერ, რაზედაც ქალაქის მერიამ უკვე მიმართა წერილობითი ფორმით შესაბამის სამსახურებს და ეთხოვათ შემდგომი რეაგირება. ამასთან, ჩვენს თანამოქალაქეებს და ქალაქის სტუმრებს კიდევ ერთხელ გვინდა ვაცნობოთ, რომ არ არიან ვალდებულნი გადაიხადონ პარკირების გადასახადი მიმდინარე წლის ბოლომდე და მათ მიერ გადახდილი თანხა არ აისახება ქალაქის ბიუჯეტში. აქვე განვმარტავთ, რომ ყველა მოიჯარეს, რომელსაც იჯარის ვადის გასვლის გამო შეუწყდა ხელშეკრულება, ქუთაისის მერიის მიერ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ოფიციალურად წერილობით ეცნობა ამის შესახებ"-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ნიუპრესს" კომპანიების თანამშროლებმა განუცხადეს, რომ პარკირება კვლავ ფასიანია და ისინი თანხას ბიუჯეტში ძველებურად რიცხავენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















