"მოსახლეობა ესთეტიკას მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე პრობლემას"
ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი საერთო საცხოვრებლების სახურავების მოწესრიგების აუცილებლობაზე. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მერია კერძო საკუთრებაში ვერ ჩაერევა, თუმცა ამხანაგობებს აქვთ შესაძლებლობა კორპუსების პრობლემების შესახებ მერიას მიაწოდონ ინფორმაცია. მათ მოსაგვარებლად კი თანადაფინინასებით თვითმმართველობა ხარჯების 80%–ს ფარავს. "მიუხედავად ამისა მერიას აქვს რამდენიმე პროგრამა და კერძო მესაკუთრეებს, ანუ ამხანაგობებს ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა პარაპეტების, თუმცა გასულ წელს არავის მოუმართავს მისი შეკეთების განცხადებით",-აცხადებს მერიის პრესსამსახური.
საცხოვრებლებზე ზრუნვა ამხანაგობების ვალდებულება რომ არის, ადასტურებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე და აცხადებს, რომ ბინათმესაკუთრეთა თავმჯდომარეები ფორმალურად არსებობენ და მათ თავინათ ვალდებულებებსა და უფლებებზე ნაკლებად არიან ინფორმირებულები.
"მსგავსი პრობლემების მოგვარების მიზნით იქმნება ამხანაგობები, მაგრამ მათ არ იციან თავინთი უფლებები. აქვთ ბეჭედი, მაგრამ ნაკლებად არიან გათვითცნობიერებული მსგავს საკითხებში. ამიტომ საბინაო სამსახურის უპირველესი მოვალეოობაა, მუნიციპალიტეტებმა იმუშაონ ამ ხალხთან და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. რაც შეეხება პრობლემას, ნამდვილად არის. ზოგადად ადამიანები ესთეტიკას მეტ ყურადღებას აქცევენ. მათ მოწესრიგებული სადარბაზო უფრო აინტერესებთ, ვიდრე სახურავი, რომელსაც, სანამ წყალი არ ჩაუვათ ყურადღებას არ აქცევენ. შეიძლება ხელისუფლებამ ყველაფერი ვერ დაინახოს, ამიტომ უნდა იზრუნოს ამაზე ამხანაგობებმა და მოქალაქეებმა. თვითმმართველობა კი უნდა აკონტროლებდეს და მითითებებს იძლეოდეს",–აცხადებს ნატო ქათამაძე.
მისივე განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ხელფასი არ აქვთ, ამიტომ ისინი ზედმეტად თავს არ იწუხებენ და არც არანაირი დაინტერესება აქვთ. თუმცა აღნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგობების ასოციაცია "ბათა", რომელიც გასულ წელს შეიქმნა, ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















