"მოვიდნენ და გაკეთების ნაცვლად პრობლემა შეგვიქმნეს"
ქუთაისში გამსახურდიას ქუჩის, მესამე ჩიხის მცხოვრებელები მერიას გზის არასათანადოდ მოწესრიგებაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივების განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათ ქუჩაზე არსებულ პრობლემის შესახებ აქცია გამართა, საკითხით ადგილობრივი თვითმმართველობდა დაინტერესდა, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გზის საფარი მხოლოდ გრეიდერით მოასწორეს, შედეგად კი წვიმიან ამინდში მეტი პრობლემა შეიქმნა, ამას სანიაღვრე არხის არასწორ მხარეს გაჭრაც ემატება.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს მდგომარეობა გავაპროტესტეთ, მოვიდა სამუშაო ჯგუფი ვიცე-მერ გია დალაქიშვილთან ერთად, ვითომ მოასწორეს გზის საფარი, ტრაქტორით მოჭრეს მიწა, რამაც წვიმიან ამინდში მეტი პრობლემები შეგვიქმნა, ქუჩა საშინლად ტალახდება და გადაადგილება შეუძლებელია. ამას ემატება ისიც, რომ გზას დაქანება მისცეს მარჯვენა მხარეს, სანიაღვრე არხი კი მარცხენა მხარეს გააკეთეს. ეს არის მათი ცოდნა და საქმის კეთება"-აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბექა ქვაჩაკიძე.
პრობლემას გამოეხმაურა დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" ამირან ძოწენიძე, რომელმაც ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ძოწენიძემ მერიას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
მერიის წარმომადგენელი სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ნინო გოდოლაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო თუმცა რიგი პრობლემების გამო შეფერხდა.
"არ ვიცი, ვინ რა გააპროტესტა ამ ქუჩაზე, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ გზის მოწყობა, გაიწმინდა გზა და შევიტანეთ ხრეში, ბევრი პრობლემა შეიქმა სამუშაოების დროს, რის გამოც მოხდა შეფერხება, თუმცა სამუშაოები გრძელდება და აუცილებლად წარმატებით დასრულდება. შეიძლება ერთი-ორი პარტიის წევრი აპროტესტებს და ამბობს, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს, მაგრამ მოსახლეობა მადლობას გამოხატავს წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გამო", - განაცხდა ნინო გოდოლაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















