”მოვხუცდი და ემოციებიც გამიმძაფრდა ”- (ფოტო)
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები ნიკოლოზ ლატარია, თეიმურაზ კიკვაძე და თემურ ნადირაძე წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და იქ მყოფ ბენეფიციარ მანდილოსნებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
დეპუტატებმა მოხუცებს ყვავილები და სადღესასწაულო ტორტი მიართვეს.
”მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო ეს დღესასწაული, ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო. განსაკუთრებით კი ჩვენს მოხუც მანდილოსნებს, ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ”,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა ლატარიამ.
პანსიონატის ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარი 86 წლის შურა ჭირვაშიძეა. მას ძალიან გაუხარდა მილოცვის მიღება და დეპუტატს მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის.
”თავი სიზმარში მგონია, ასეთი დაფასება ნაკლებად გვქონია. ძალიან მიხარია, რომ გავახსენდით, მოვხუცდი და ემოციებიც გამიმძაფრდა”,- აღნიშნა ”ნიუპრესთან” საუბარში შურა ჭირვაშიძემ.
წყალწითელას მოხუცთა პანსიონატში ამ დროისთვის 88 ბენეფიციარი ცხოვრობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















