|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მშენებლობა უკანონოა და მას ქუთაისის მერი მფარველობს"-იულია ლანჩავა

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობა კვლავ დავის მიზეზია. წერეთლის 62 ნომერში მცხოვრები იულია ლანჩავა მშენებლობას რამდენიმე მიზეზის გამო აპროტესტებს.

ადგილობრივი მცხოვრები ირწმუნება, რომ გასულ წელს დაწყებული მშენებლობის გამო მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ამასთან,  საფრთხე ექმნება დასახლებას, რადგან შესწავლილი არ არის ნიადაგის მდგრადობა. იულია ლანჩავა აცხადებს, რომ სასტუმროს მფლობელს ვარლამ მეტრეველს ქუთაისის მერი მფარველობს.

"გასულ წელს მშენებლობა რომ დაიწყო, გამოვთქვი პროტესტი, რადგან ვთვლიდი, რომ ამ ტიპის მშენებლობით  საფრთხე შეექმნებოდა მიმდებარედ არსებულ სახლებს. დავიწყე შესწავლა და აღმოჩნდა, რომ სასტუმროს მფლობელს, რომელიც რიონის სანაპიროზე აგებდა სამსართულიან შენობას, ნიადაგის მდგრადობა შესწავლილი არ ქონდა. მივმართე სასამართლოს და დავა ამ დრომდე გრძელდება. მიუხედვად იმისა, რომ საქმე წარმოებაშია,  მშენებლობა გრძელდება, რაც არის კიდევ ერთი კანონდარღვევა. ამას ემატება ისიც, რომ პროექტში ისე შეიტანეს ცვლილება, რომ ახალი პროექტი არ არსებობს. ამ დროის განმავლობაში ჩემი სახლის კედლები დაიბზარა. პრობლემა აქვთ სხვა მცხოვრებლებსაც, მაგრამ ისინი დუმან. არ ვიცი, რა ფორმით გააჩუმეს, მაგრამ ფაქტია, რომ შენობები დაზიანდა და არავინ აპროტეტსტებს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქალაქის მერი მფარველობს ამ მშენებლობას, რადგან მაქსიმალურად ცდილობენ დრო გააჭინურონ და არც რეაგირებაა. მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ უკანონი მშენებლობა არ ეხებათ", -განაცხადა იულია ლანჩავამ.

მისი თქმით, მშენებლობის დროს რიონის სანაპიროსთან აგებული საყრდენი კედელი ჩაინგრა, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშორმელმა დაადასტურა. 

მისი მტკიცებით, გეოლოგიური დასკვნაც გაყალბებულია, რადგან დასკვნაში წერია, რომ 6 მეტრიანი ჭაბურღილები გააკეთეს ნიადაგის გამოსაკვლევად, თუმცა, ამბობს, რომ ამ ზომის  მანქანა, რომელიც დასკვნაშია მითითებული,  ეზოში ვერ შეეტეოდა და შესვლის დროს აუცილებლად შეამჩნევდა.

სასტუმროს მშენებლობა თითქმის სრულდება. იულია ლანჩავა კი სამართლიანობის აღდგენას და საჭიროების შემთხვევაში შენობის დანგრევას მოითხოვს.

"მე არ ვარ ბოროტი, რომ დავანგრიო ამხელა შენობა, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს. მეპატრონემ გამომიცხადა, რომ კედლები თუ დაზიანდა, გალესავდა და მოაგვარებდა. დაზიანებული კედელი გალესვით ვერ გამოსწორდება. ის ვერც საზიარო სახლს  ამიშენებს. ერთ-ერთ ვერსიად ადგილიდან გაყვანა შევთავაზე და უარი შემომითვალა, მისი სახლი რად მინდაო, თუ მას არ უნდა ჩემი სახლი, მე რად მინდა მისი სასტუმრო, რომელიც მაზიანებს", -განაცხადა იულია ლანჩავამ.

ბრალდებას არ ეთანხმება ვარლამ მეტრეველი. როგორც მან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ბრალდებები არასწორია და ადგილზე მშენებლობა არ მიმდინარეობს. მან ასევე უარყო მერის მფარველობა და ნაცნობაც, თუმცა დაადასტურა, რომ, შესაძლოა, მას რამდენჯერმე შეხვდა. 

ვარლამ მეტრეველი აცხადებს, რომ ყველა დასკვნა კანონშესაბამისია და არც  საყრდენი კედელი დაზიანებულა. 

ბრალდებას არ ადასტურებენ მერიაში. პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობა კანონშესაბამისად, გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვით მიმდინარეობს. მერიაში, ასევე არ ადასტურებენ ინფორმაციას მერის პირადი მფარველობის შესახებ და აცხადებენ, რომ სიმართლე სასამართლოს დასრულდების შემდეგ გაირკვევა. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა