|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსჯავრდებულებს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

მსჯავრდებულებს დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. კერძოდ კი, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა  ექნებათ სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიაზე მცირე სარემონტო სამუშაოებზე ინდივიდუალური კონტრაქტებით დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. გარდა ამისა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით, სულ მალე შესაძლებელი გახდება ელექტრონული მაღაზიის შექმნა, სადაც მსჯავრდებულების ნაკეთობები გაიყიდება, თანხა კი მათ ბარათებზე დაირიცხება.

აღნიშნული პროექტების შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას განაცხადა. მინისტრთან ერთად სახალხო დამცველი უჩა ნანაუაშვილიც იმყოფებოდა, მინისტრმა და სახალხო დამცველმა დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცეს. მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაც დადებითად მოქმედებს მსჯავრდებულების უფლებების დაცვასა და რესოციალიზაციაზე.

მინისტრმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა. “სახალხო დამცველმა N16 პენიტენციურ დაწესებულებას ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი შემატა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მსჯავრდებულებმა იცოდნენ როგორც საკუთარი უფლებები, ასევე მათი მოვალეობები, რადგან არ არსებობს უფლება მოვალეობის გარეშე", - განაცხადა მინისტრმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი