"მუნიციპალიტეტების შემცირება არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას"
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას.
„ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციები, რომ რამე ემუქრება თვითმმართველობას. თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება კორექტირებები, ვინაიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას. ეს გახლავთ 12 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით, 12 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში"-განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მისი განმარტებით, მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება.
"მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ელემენტარულად ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობის კუთხით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევაში, ფუნქციების დუბლირება ხდებოდა. გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე.
პრემიერის თქმით, დარეგულირდება მუნიციპალიტეტებში აიპ-ების ოპტიმიზაციის მექანიზმი და ერთ სფეროში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფუნქციების დუბლირება. ასევე, ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს მიიტანენ მუნიციპალიტეტების მერამდე.
„ეს ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და რეგიონული მართვის სამინისტროსთან ერთად და ბიუჯეტირების პროცესშივე იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული ქვევიდან ზემოთ მომავალი პროცესები. პრიორიტეტები განისაზღვრება და მათი მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირების დროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















