|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუნიციპალიტეტებს უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟის უფლება მიეცათ

მუნიციპალიტეტებში  უსახური შენობების დემონტაჟის უფლება მიეცათ, -  საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“  ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში როგორც უსახური შენობების დემონტაჟს, ასევე შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას.

მთავრობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი – დემონტაჟს.

ამდენად,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით. ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ.

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,  ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, საკითხის ასე გადაწყვეტა უზრუნველყოფს, რომ შენობები საფრთხის შემცველი აღარ იყოს.

“პროცესი დაწყებულია. მუნიციპალიტეტები ახორციელებენ უსახური შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირებას. დაიწერება დასკვნები და დასკვნების შესაბამისად მოხდება ან იერსახის გაუმჯობესება, ან დემონტაჟი”, – განაცხადა ირაკლი  ქარსელაძემ.

საკითხი მთავრობის სხდომაზე 27 თებერვალს გავიდა. 

ავტორი: ნიუპრესი