"მოუწესრიგებელი გზის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება" (VIDEO)
წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიტოვებულ სარემონტო სამუშაოებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცის თავმჯდომარე გოგი წულაია აპროტესტებს. წულაიას განცხადებით, გუგუნავას და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მიტოვებულია სარემონტო სამუშაოები. მისივე თქმით, თურქულმა კომპანიამ წყლის მილების დამონტაჟების შემდეგ ქუჩა გადათხრილი დატოვა.
"მხოლოდ იმიტომ უნდა გადადგეს ქუთაისის მერი, რომ აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებში თურქულ კომპანიას გაამარჯვებინეს. ვითომ ქართველი ასე ვერ აჩუჩქნიდა გზებს? არის საშინელი მდგომარეობა, რაც დაბრკოლებებს უქმნის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ადგილზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მივმართავ ქალაქის მერიას, კეთილი ინებოს და აიძულონ თურქული კომპანია დაასრულოს სარემონტო სამუშაოები",- განაცხადა წულაიამ.
"რამდენიმე დღის წინ, მოუწესრიგებელი გზის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მცირეწლოვანი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 თვეა სამუშაოები არ სრულდება. ხშირად მანქანა ქვას ისხლეტს. რამდენჯერმე მინა ჩამოიფშვნა, ყველასთვის დიდ პრობლემას იწვევს გზის მოუწესრიგებლად დატოვება",-აღნიშნა ტაქსის მძღოლმა ვაჟა რევიშვილმა.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ტექნიკური დირექტორის, გიორგი კობახიძის განმარტებით, ქუთაისში მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები, რის გამოც, შესაძლოა, მოსახლოებას პრობლემები ექმნება, არის მცირე ხარვეზებიც, თუმცა ყველანაირად ეცდებიან, რომ აღნიშნული პრობლემები და ხარვეზები დროულად მოწესრიგდეს.
ქუთაისის მერიის განცხადებით, მსგავს არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















