მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაიგზავნა
დღეს, 17 ნოემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა.
საქმე ეხება 2025 წლის 11 იანვრის გვიან საღამოს მზია ამაღლობელის პირველ, ადმინისტრაციულ დაკავებას აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო.
„საქმე შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უსამართლოდ.
სანამ მოხდებოდა მზია ამაღლობელისადმი ბრალის წარდგენა, ის ჯერ ადმინისტრაციულ წესით დააკავა პოლიციამ უკანონოდ და შემდგომ, მის მიმართ, ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ეს ეხებოდა 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე სტიკერის გაკვრის გამო იერ-სახის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არც ერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები.
მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე შემდგომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელთან მიმართებით გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და მზია ამაღლობელი ერთ საქმეზე 2 000 ლარით, ხოლო მეორე საქმეზე 1000 ლარით დააჯარიმეს.
ორივე საქმე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული დაკავება, რაც წინააღმდეგობაში მოდის და არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევებით სახეზეა კონვენციის ისეთი დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია: მე-5 მუხლთან – ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; მე-6 მუხლთან – სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება – ეს კონვენციის მე-10 და 11-ე მუხლებია და ასევე, სამართლიანობის დაცვის ქმედითი უფლება, ესაა კონვენციის მე-13 მუხლი, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.
ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ ვდავობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო.
როგორ საზოგადოებას ახსოვს, მზია ამაღლობელის პირველი დაკავება მოხდა დამხმარე შენობის ფასადზე გაკრული სტიკერის გამო, რომელზეც იყო წარწერა „იფიცება საქართველო“. ამ სტიკერის გაკვრის გამო, აჭარის პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა და იმ დროინდელმა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ გააკეთა განმარტება მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე, რომ მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს იერსახის დამახინჯებას და როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ ამ მუხლის საფუძველზე მათ არ ჰქონდათ კანონმდებლობით, ფორმალურადაც კი, უფლება, რომ პირი დაეკავებინათ, პოლიციამ გააყალბა სამართალდარღვევის ოქმი და მას ჩაუწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, თუმცა ეს ვერ დაადასტურეს ვერც სასამართლო პროცესებზე. პოლიციელებმა მისცეს ცრუ ჩვენებები სასამართლო სხდომაზე და აი, ამ, ე.წ. მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მზია ამაღლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი მზია ამაღლობელის საქმეში არსებულ დარღვევებზე,
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელის ერთი საქმე უკვე განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკმაოდ სწრაფ ტემპებში. პირველი საქმე შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და სხვა, თანმდევ დარღვევებს, მათ შორის პატაკის საფუძველზე ტელეფონის ჩამორთმევას, ექსპერტიზის ჩატარებას და რამდენიმე დღის წინაც დადასტურდა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ჩატარდა და არავითარი წინაპირობები არ არსებობდა ამის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელი იპოვის სამართალს, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით შეუძლებელია, რომ იყოს მიღწეული“ – განაცხადა ბრიფინგზე ნონა ქურდოვანიძემ.
ავტორი:





13:32
16:29
18:25
15:07
















