"მძღოლების აქციაში მერიის წინააღმდეგ იმერეთის გუბერნია იყო ჩართული"
„მაქვს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და გონივრული ეჭვიც, რომ მძღოლების აქციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სხვადასხვა სტრუქტურები, ეს ქმედება მიმართული იყო მერის წინააღმდეგ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმადგენელმა გია თევდორაძემ. მან ქალაქში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები შეაფასა.
"სამხარეო გუბერნიიდან გამოსულმა მძღოლებმა მიიღეს დაპირება, რომ მგზავრობა გაძვირდებოდა 10 თეთრით, ამის შემდეგ დაიწყეს თვითნებურად გაძვირებული ტარიფით მუშაობა. ისევე, როგორც სხვა საკითხებში, ამ საკითხშიც მერიას და გუბერნიას აქვთ სხვადასხვა პოზიცია და შევეჩვიეთ ფარულ ომს, რაც წლებია, მათ შორის მიმდინარეობს. ვერ დავაკონკრეტებ, ვის შეხვდნენ მძღოლები, მაგრამ ფაქტია, რომ გუბერნიაში შეხვედრა შედგა"-განაცხადა გია თევდორაძემ.
მისი თქმით, ეს არის ტიპური შიდა პარტიული ბრძოლა, რითაც, საერთო ჯამში, ზარალდება ქალაქი. თევდორაძე ქუთაისის მერიას მოუწოდებს, ბოლომდე შეინარჩუნოს საკითხისადმი პრინციპულობა და პრობლემა სხვა გზით მოაგვაროს.
"ჩემი რჩევაა, ადგილობრივმა და ცენტრალურ ბიუჯეტმა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მძღოლების მდგომარეობაც შემსუბუქდეს და ეს პროცესი მოსახლოების ჯიბეზეც ცუდად არ აისახოს, თუმცა გული მიგრძნობს, რომ საბოლოოდ მაინც იქეთ წავა საქმე, რომ გაიზრდება მგზავრობის საფასური. არ ვიცი, როდემდე ეყოფა პრინციულობა მერიას, ჩემი რჩევაა ბოლომდე დაიკავონ ეს პოზიცია და სხვა ხერხით მოაგვარონ პრობლემა"-განაცხადა თევდორაძემ.
გია თევდორაძის პასუხად იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ მის მიერ გავრცებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ 6-7 მარტს ქუთაისში ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნა მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით გაზრდა იყო. გაფიცულ მძღოლებს ქუთაისი ვიცე-მერი და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი შეხვდნენ. გაფიცვის დროს ქალაქში არ იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. ისინი ამ დრომდე გერმანიაში მივლინებაში რჩებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















