"ნამახვანის" ახალი პროექტი გარემოს დამცველებისთვის კვლავ მიუღებელია
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტის განვითარებისთვის ინვესტორებისთვის წაყენებული მოთხოვნები დაასაჯაროვა. არსებული პროექტის განხორციელების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება.“ პროექტის ღირებულება 730 მილიონი დოლარია და ორი ჰესის მშენებლობას მოიცავს.
პროექტი განთავსებულია წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" განმარტავს, რომ პროექტი პასუხობს საქართველოს გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და ემსახურება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. მთავარი მიზანი ენერგოუსაფრთხოების გაზრდა, რიონის პოტენციალის გამოყენება და ზაფხულში ელექტროენერგიის ექსპორტია. დაინტერესებულ კომპანიებს დოკუმენტაციის წარდგენა 2 თებერვლამდე შეუძლიათ. კასკადის ექსპლუატაციაში მიღება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფი.
გავლენის არეალში მოხვედრილ მოსახლეობას დაუკანონდა ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, აშენდა პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი - ხიდი მდ. რიონზე სოფელ ჟონეთთან.
თავდაპირველად "ნამახვანჰესი" იყო ერთსაფეხურიანი დიდი პროექტი, თუმცა იმის გამო, რომ ტვიშის ვენახები იტბორებოდა, ხელისუფლებამ ეს პროექტი დაიწუნა და მისი დანაწევრება მოხდა. შემდეგ, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მოტივით, პროექტი ისევ შეიცვალა და მას მესამე საფეხური ჩამოეჭრა.
ახალი პროექტი კვლავ მიუღებელია გარემოს დამცველებისთვის. ისინი ადასტურებენ, რომ ეკოლოგიაზე წნეხი შერბილებულია, თუმცა, მათი მტკიცებით, ოპტიმალური ვარიანტი არც ეს არის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















